Relationships

ყველა დადებით თვისებას, რაც ადამიანს აქვს, თავისი “ექო” ნეგატიური თვისებაც მოსდევს.

რომანტიკული ადამიანია? სურპრიზების გაკეთება უყვარს? – სამაგიეროდ ზედმეტად ემოციურია და მასთან რაციონალურად საუბარი ჭირს.

კომპანიის სული და გულია, მხიარული და აქტიური? – სამაგიეროდ ძალიან ძნელია მასთან თავი იგრძნო ექსკლუზიურად და მშვიდად.

იცის, როგორ მოგექცეს, როგორც ქალს და დაგახვიოს თავბრუ? – შენ ერთადერთი არ ხარ, სხვებსაც ასევე ექცევა და ახვევს თავბრუს.

ბევრ ფულს აკეთებს და საინტერესო საქმითაა დაკავებული? – ნაკლები დრო რჩება შენთვის.

ძალიან ყურადღებიანია და შენ გარდა არავინ ადარდებს? – თავს გრძნობ ჩახუთულად და ოცნებობ, რომ რაიმე საქმე იპოვოს, რომ შენც სინდისის ქენჯნის გარეშე გაატარო ერთი საღამო მის გარეშე, მეგობრების წრეში. თან, დიდი შანსია, რომ ბევრი ფულიც არ აქვს.

ფული აქვს, მაგრამ არ მუშაობს და ამიტომ დრო აქვს შენთვის? – დედიკოსთან ცხოვრობს მამიკოს ხარჯზე და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება უჭირს.

ერთი და იგივე სფეროში მუშაობთ და ბევრი საერთო გაქვთ? – “სამსახურშიც სამსახური, სახლშიც სამსახური…”

სხვადასხვა სფეროში მუშაობთ, სხვადასხვა თემები გაინტერესებთ? – სალაპარაკო თემის პოვნა უფრო რთულდება.

დილით შენზე ადრე დგება და ყავას გახვედრებს? – ალბათ შენზე ადრე იძინებს და “ტოროლაა”, შენ კი “ღამურა” ხარ და თქვენი აქტივობის ფაზები ერთმანეთს არ ემთხვევა.

შეუძლია დაგეგმოს და განახორციელოს ევენთები, რომლებზეც ერთად გაერთობით? – ზოგჯერ არ ითვალისწინებს შენს აზრს, გინდა თუ არა ის კონკრეტული აქტივობა იმ კონკრეტულ დღეს.

შენ გეგმავ ყველა თქვენს საერთო აქტივობას, რომელ კაფეში წახვიდეთ ან რომელი კინო ნახოთ დღეს? – ინივიატივის გამოჩენა უჭირს და იღლები.

სპონტანური და კრეატიულია? – შეუძლია სპონტანურად გადაწყვიტოს, რომ დღეს საღამოს დაგეგმილი შეხვედრა  გაუფრთხილებლად გადადოს და სადმე სხვაგან მიდის.

და ასე უსასრულოდ.

ჯამში ჩვენ სამეგობროდ/საურთიერთოდ ვირჩევთ ადამიანებს არა მათი დადებითი თვისებების გამო, არამედ იმის მიხედვით, თუ რამდენად შეგვიძლია შევეგუოთ ამ დადებითი თვისებების “ექო” ნეგატიურ თვისებებს.

Posted in Just, რა | Tagged , , | 26 Comments

Dear me

5 წლის წინ აღმოვაჩინე პროექტი Dear me. და 5 წელია ვგეგმავ, წერილი მივწერო საკუთარ წარსულ მე-ს, თუმცა სანამ ნატოშამ არ შემაჯანჯღარა, ვერ მოვაბი თავი. მოკლედ, გადავწყვიტე – 10 წლის წინანდელ, ანუ 15 წლის დოდკას ვწერ წერილს, რომელმაც ჯერ არ იცოდა, რომ “დოდკა” გახდებოდა.

დოდი,

დიდი ხანია შენთვის წერილის მოწერას ვაპირებ და აქამდე ვერ მოვახერხე. უცნაურია, ნებისმიერ ადამიანს უპრობლემოდ სწერ წერილს, საკუთარი წარსულისადმი კიდევ ცოტა ჭირს… ვიცი, რომ ვერ გამიგებ მაინც, სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ. თავს გადააქნევ და იტყვი, რომ “არ მინდა ასეთი ვიყო”. და შეეცდები შეცვლას, მაგრამ ვერაფერსაც ვერ შეცვლი შენ ახლა ჩემში – იმიტომ, რომ მე უკვე აქ ვარ.

შენი ყველაზე დიდი ოცნება ახლა ჟურნალისტობაა. რომ იცოდე, მაგაზე სულელური ოცნება არ გქონია არასდროს. მაგაში სადღაც ორ წელიწადში დარწმუნდები, მერე რამდენიმე წელი კიდევ ჭერში ბუზებს დაითვლი და გეგონება, რომ არაფერი გაინტერესებს, გეგონება, რომ ვერასდროს იპოვი შენთვის საინტერესო პროფესიას და გზას ცხოვრებაში. მაგრამ მინდა დაგაწყნარო, იპოვი – ძალიან კარგს, საინტერესოს, სასარგებლოს და თან ეს თავისით მოხდება, შენგან ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ჰობი, რომელიც შენს თანამედროვე საქართველოში არც კი გაუგიათ, შენს საქმიანობად იქცევა. თან გულის სიღრმეში ხომ ისედაც იცი, რომ არსად დაიკარგები.

აბსოლუტურად არ აქვს აზრი, სად ჩააბარებ და ტყუილად იტეხ თავს. ასევე ტყუილად დააბრალებ ელზას, რომ არასწორი გზა აგარჩევინა – სწორი გზა საერთოდ არ არსებობს შენს შემთხვევაში, როგორც უკვე გითხარი, შენი მომავალი პროფესიის შესახებ შენ კი არა, მსოფლიოში არ სმენიათ. სწორედ ამ წლიდან, როცა ამ წერილს კითხულობ, იწყება ძვრები ამ მიმართულებით და საქართველოში კიდევ რამდენიმე წელი არ ჩამოაღწევს.

დიპლომი აგერ 25 წლის ვარ და ჯერ კიდევ არაფერში გამომიყენებია, თუმცა უნივერსიტეტის დამთავრებას იმდენად ცოტა ძალისხმევა უნდა შენგან – უბრალოდ ჩათვლებზე მისვლა, რომ ცუდი არ იქნება, თუ არ მიაგდებ იმ გულისაცრუების პერიოდში. მართლა არაფერში გამოგადგება კიდევ კარგა ხანი, მაგრამ ეგდოს მაინც სახლში.

არ ვიცი, რატომ ხარ ასე დარწმუნებული, რომ შენი შვილი ბიჭი იქნება – ეტყობა მაინც მოვიდა ეს წერილი შენამდე. მართალი ხარ, ბიჭი იქნება, ჯანმრთელი, ჭკვიანი და ძალიან საყვარელი. თუმცა იმაში ცდები, რომ უმამოდ გააჩენ – თუნდაც იმიტომ, რომ ჭკვიანი გოგო ხარ და კონტრაცეპციის ყველა მეთოდის ჩამოთვლა შეგიძლია ძილშიც. შვილს კიდევ ძალიან კარგი მამა ჰყავს. ვერ ვიტყვი, რომ გადასარევი ქმარია, ან შენ ხარ იდეალური ცოლი. შენ ამაზე უკვე იწყებ ფიქრს: გადასარევი ოჯახები, ანუ გადასარევი ქმრები და იდეალური ცოლები ზოგადად არ არსებობენ და მაინც ყველა ოჯახს ერთი ბედი უწერია. მაგრამ მართლა კარგი მამაა. ისე ზოგადად კიდევ უამრავი წარუმატებლობა გექნება ურთიერთობებში. აპ, აპ – ვცდები. წარუმატებლობა კი არა, გამოცდილება.

სხვათაშორის, სულაც არ ხარ მახინჯი და რაც მალე დაიწყებ მაგ კომპლექსებთან ბრძოლას, მით უფრო გაგიადვილდება ცხოვრება. შენს ასაკში ყველა გოგოს მახინჯი ჰგონია თავი. არც მსუქანი ხარ. საერთოდ, რამდენი თაყვანისმცემელი უნდა გყავდეს, რომ დარწმუნდე ამაში?

ისე კარგი ტიპი ხარ. და სწორი დევიზი გაქვს. “If I fail, if I succeed, at least I lived as I believed.” ნახე, ათი წლის შემდეგ კიდევ მახსოვს ეგ ციტატა ვიტნი ჰიუსტონის სიმღერიდან და კიდევ ასე ცხოვრებას ვცდილობ.

ამ წერილს ბაკურიანიდან გწერ. აჰაჰ, არა, აქ არ გავთხოვილვარ, ნუ გეშინია. ტრენინგს ვატარებ. რაში? არ გეტყვი, არ მინდა, დავასპოილო (სხვათაშორის, ეს სიტყვა ჯერ არ იცი). ხომ არ დაგავიწყდა, კიდევ რამდენიმე წელი უნდა თვალო ჭერში ბუზები…

უი, წარმოგიდგენია, რომ ოდესმე საქართველოდან წასვლა არ გენდომება? ძალიან ბევრი რამე შეიცვლება ქვეყანაში. თან აქ უფრო საჭირო ხარ, ამიტომ საერთოდ გადაიფიქრებ სადმე წასვლას. ურაპატრიოტიზმი არ მალაპარაკებს (არც ეს სიტყვა გაგიგია). ვირი გინდ ღობის აქეთ დააბი, გინდ ღობის იქით, მაინც ვირიაო – თუ რამის მიღწევა გინდა, აქ უფრო ადვილიც კია. სხვაგან სხვის აშენებულ სახლში უნდა იცხოვრო და მუდამ სტუმარი იყო, აქ კიდევ შენ თვითონ მოგეცემა შანსი, შენი სახელობის აგურებით აშენო სახლები (არა, არც სამშენებლო ბიზნესში არ მოხვდები, ნუ ხარ სულსწრაფი).

მოკლედ, არ მოიწყინო. ელზას ბევრი არ ეჩხუბო. და ძალიან, ძალიან ბევრჯერ წაიმტვრიე ცხვირი, საბოლოოდ მაინც არაფერს ინანებ.

Posted in Just, რა | 17 Comments

26.05.2011 – სიტყვების ნაცვლად

ბურჯანაძე-ბიწაძე:

სპეცრაზმი:

და ცოტაც წარსულიდან:

Posted in Just, რა | 4 Comments

მარკეტინგი სოციალურ მედიაში

9 მარტს SABIT-ისთვის ჩატარებული სემინარის პრეზენტაცია, ვფიქრობ, სოციალურ მედიაში მარკეტინგით დაინტერესებულებს შეიძლება რამეში გამოგადგეთ, ამიტომ გაგიზიარებთ. სრული მასალა პატარა წიგნივით გამოვიდა.

ესთეტიკის ტრფიალებს ბოდიში, არ მიყვარს Powerpoint-ში პრეზენტაციების კეთება. ანუ დიზაინში ჩასმა, ყუთების აქეთ-იქით მიწევა, ლამაზი სურათებით გაფორმება. Content is the king. დანარჩენი ყველაფერი – დროს მაკარგვინებს უაზროდ :დ

[მინირეკომენდაცია: მარცხენა ქვედა კუთხეში scroll-იდან გადართეთ book-ზე]

Posted in სოციალური მედია, Web | Tagged , , , , , , , , | 23 Comments

სოციალური მედია სკოლაში

გთავაზობთ პროექტის “სოციალური მედია სკოლაში” სულ ახლადშექმნილ სახელმძღვანელოს.

ის განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის, თუმცა ვფიქრობ, ყველას დააინტერესებს, ვისაც სოციალური მედია აღაგზნებს :დ

მადლობა სანდრო ასათიანს სახელმძღვანელოს შექმნისთვის.

Posted in Tips for Blogs, Web | Tagged , , , | 26 Comments

25

ისეთი პირი უჩანს, რომ ეს წელი უარესად გადამატრიალებელი და სახისამხევი მექნება, ვიდრე 24 იყო.

გილოცავ, დოდ. შენ არც ყველაზე ჭკვიანი, არც ყველაზე ლამაზი, არც ყველაზე საინტერესო ადამიანი ხარ მათ შორის, ვისაც ვიცნობ, მაგრამ მაინც მიყვარხარ, გაფასებ და მიხარია, რომ დაიბადე.

Posted in მინი | 19 Comments

Secrets

რამდენიმე ხნის წინ მეგობარმა შეკითხვა დამისვა:

– საიდუმლოს შენახვა შეგიძლია?

და მე სრულიად გულწრფელად ვუპასუხე “არა”. იმიტომ, რომ უმეტეს შემთხვევაში მართლა არ შემიძლია. მე მგონი, არც არავის შეუძლია, უბრალოდ ერთმანეთს ატყუებენ ხოლმე მერე.

იმის შემდეგ ცოტა ხანი კიდევ იწრიალა და ბოლოს მაინც მოყვა, რისი თქმა უნდოდა. მე არ დავწერ იმას, შევინახე თუ არა ეს საიდუმლო. უბრალოდ ორი რაღაცის გაზიარება მინდოდა:

1. ადამიანი, ვინც თავის საიდუმლოს თვითონვე ვერ ინახავს, არ უნდა ელოდეს ამას სხვებისგან.

2. თუ ადამიანმა თქვა, რომ საიდუმლო აქვს/იცის, ფაქტიურად ნახევარი საიდუმლო უკვე გათქვა და მეორე ნახევარსაც მალე მიაყოლებს.

არც ერთი ჩემი მოგონილი არაა, ორივე სადღაც ამოვიკითხე, მაგრამ ყოველთვის მახსენდება, როცა ვინმე საიდუმლოებზე იწყებს ლაპარაკს.

Posted in მინი | Tagged | 45 Comments

2010-2011

წინა წლებში ვწერდი ხოლმე წლის შემაჯამებელ პოსტებს და ვიფიქრე, ახლაც გავაკეთებ-მეთქი. მაგრამ გადავიფიქრე, ძალიან მშრალი გამოვიდოდა იმ სტილში რომ დამეწერა, როგორც მაგალითად, შარშან იყო.

თუმცა არა, ვახურებ. რომ ვუფიქრდები, საინტერესო წელი მქონდა. 2010-ში გაგრძელდა 2009-ის დროს აკრეფილი სიჩქარე და ძალიან ცოტა მქონდა ამოსასუნთქი დრო.  ვილიამი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა და სიტყვების თქმა დაიწყო (ყველაზე ხშირად გამოყენებული: “დადე!” და “ჩართე!” რა? “მულტფ!”). ასევე გადასარევად ეხერხება ბოდიარტი და დიდი სიამოვნებით დავდებდი აქ ჩემს ფეხზე განხორციელებული მისი შედევრის გუშინდელ ფოტოს, ბატარეები რომ არ დაჯდომოდა ფოტოაპარატს.

წლის მეორე ნახევარში სხეული როგორც იქნა გამოვიდა ორსულობისდროინდელი შოკიდან და ნელ-ნელა თავისი ფორმები დაიბრუნა. ანუ დაახლოებით ერთი წელი დასჭირდა იმას, რომ ინკუბატორიდან ისევ ადამიანად ვქცეულიყავი. და არა, არ მჯერა მე იმ სასწაულების, რომ ამბობენ, “გააჩინა და ერთ თვეში ისევ ფორმაში იყო”. Bullshit! მასეთებს კიდევ მკერდიც არ უპატარავდებათ წონის დაკლებისას და ნამცხვრებს ჭამენ და არ სუქდებიან! დაიხოცეთ თავები!

ჩემი თვითშეფასებაც და საკუთარ თავში რწმენაც ასევე ნელ-ნელა დამიბრუნდა და მე მათ გაშლილი ხელებით დავხვდი, გულში ჩავიკარი და იმედია აღარსად აღარ გავუშვებ, იმიტომ, რომ მეტჯერ დაორსულებას მე აღარ ვაპირებ და პრინციპში ფეხის მოტეხვაც ნამდვილად არ შედის ჩემს უახლოეს გეგმებში.

კარიერული მხრივ ბედნიერება და სიხარული ჩქეფდა, სამაგიეროდ complicated სტატუსი ფეისბუქზე სრულად ვერ ასახავს იმას, რაც ხდებოდა პირადში.

ვილიამი, კიბორგა, საბა, როკო, X. – 5 ყველაზე ‘გავლენიანი’ ადამიანი ჩემთვის 2010 წლის მანძილზე, ანუ ადამიანები, რომელთა არსებობამაც ბევრი რამე შეცვალა და განსაზღვრა 2010-ში, ფაქტობრივად თუ ემოციურად.

ა კიდევ მარკ ცუკერბერგი! თუ ეგ არ ითვლება…

რას ვგეგმავ 2011-ში

რამდენჯერაც საახალწლო რეზოლუცია დავწერე, 60% ძლივს შევასრულე, მაგრამ კიდევ ვცდი [არაა დალაგებული რიგითობის მიხედვით]:

1. წლის ბოლოს თვეში ჩემმა შემოსავალმა უნდა მიაღწიოს XTYY+ ლარს.

რატომ არ ვწერ რაოდენობას გაშლილად? იმიტომ, რომ ნაწილი იტყვის, ხალხს ნებისმიერი სამსახური ენატრებაო და შენ რა პრეტენზიული ხარო და ნერვები მომეშლება, მეორე ნაწილი კიდევ, ვისაც დასახელებულზე მეტი ხელფასი აქვს და ჰგონია, რომ ეს ხელფასი ავტომატურად აძლევს ტვინის ბურღვის უფლებას – ცოტაა, მეტის ამბიცია უნდა გქონდესო, რაზეც ასევე ნერვები მომეშლება.

2. ბილიარდის თამაში უნდა ვისწავლო კარგად

იმიტომ, რომ როგორც აღმოჩნდა, პოტენციალი მაქვს და რატომაც არა? კიდევ ერთი თამაში იქნება, საიდანაც სულ გამარჯვებული გამოვალ. :დ

3. ბოლო 5 კილო

ბოლო 5 კილო!

4. ვებრძოლო ორმაგ სტანდარტებს

რაც მეპატიება მე, ის ეპატიებათ სხვებს. ყველანაირი გამართლებების და ვაჭრობის გარეშე.

5. მივხედო ბლოგს

იმიტომ, რომ მიყვარს.

6. დავიწყო ერთი პროექტი

რომელსაც 2 წელია ვგეგმავ და წელსაც თუ არ განვახორციელე, არაფრის ღირსი არ ვიქნები.

7. ვისწავლო დროის სწორი მენეჯმენტი

ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ცხოვრებაში.

გილოცავთ <3<4<5

Posted in Just, რა | Tagged , , , , , , , , , | 15 Comments

ადამიანები, ვინც შთამაგონებენ

ჩემი ყოველდღიური ცხოვრების დიდი ნაწილი სოციალურ მედიას მიაქვს – ლექციები, ტრენინგები, პრეზენტაციები, კონსულტაციები. მიხარია, რომ არსებობს საქმე, რომელიც მიყვარს და რომლისგანაც ფინანსური სარგებელიც არსებობს, ბევრს ეს ფუფუნება არ აქვს.

თუმცა იდეალურ შემთხვევაშიც კი, როცა შემოსავლის წყარო შენი საყვარელი სფეროა, ყველაფერი მაინც რუტინამდე დადის. რამდენჯერ შეიძლება ახსნა ბლოგი და ილაპარაკო სოციალურ ქსელებზე აღტყინებულმა და ბედნიერმა? ნამდვილად არა ყოველდღე.

თუმცა მაინც მიხარია. და მაინც ბედნიერი ვარ. განსაკუთრებით ერთი პროექტის გამო. პროექტის, რომელმაც შემახვედრა ადამიანები, ვინც შთამაგონებენ. ადამიანები, რომლებმაც დამანახეს, რომ ის, რასაც ვაკეთებ, მართლა, არა ფონდებისთვის და ბრტყელი სიტყვებისთვის, არამედ მართლა ღირებულია.

* * *

http://greenrustavi.wordpress.com/

ლამაზი და უსაყვარლესი თამო, რომელმაც პროექტის ფარგლებში გააკეთა ბლოგი – “მწვანე რუსთავი”. მოახერხა იმდენი, რომ გაუკეთა ორგანიზება თავის სკოლაში შაბათობას, შემდეგი აქციით კი უკვე რუსთავის მერიასაც მისწვდა და ნერგები გამოუყვეს დასარგავად.

http://kindworld.wordpress.com/

ისევ რუსთავი. ყველაზე განმაცვიფრებელი ადამიანები, რამდენიმე გოგონა, რომლებიც რუსთავის ბავშვთა სახლში დადიან, ეთამაშებიან, ეხმარებიან ბავშვებს, ახლა სპექტაკლსაც დგამენ მათთან ერთად. სამწუხაროდ, იმდენად აქტიურად ვერ დებენ ინფორმაციას ბლოგზე, რამდენადაც ვისურვებდი, თუმცა ვიცი, რომ თავისი მიზნისკენ ყოველ დღე პატარა თუ დიდ ნაბიჯებს დგამენ.

http://hearthelp1.wordpress.com/

რუსთავი. თორღვა, უჭკვიანესი და უკეთილესი ბიჭი. თორღვამ გადაწყვიტა, ხელოვნებაზე გააკეთოს ბლოგი. ის პოულობს ნიჭიერ ადამიანებს და ცდილობს, თავისი ბლოგის მეშვეობით ფართო აუდიტორიას გააცნოს.

http://ekonia.wordpress.com/

თბილისი. ბლოგი ეკოლოგიის შესახებ. ნინი ცდილობს, თავი მოუყაროს ყველანაირ ინფორმაციას, რაც თემას ეხება, იღებს ფოტოებს, აქტიურად მუშაობს ბლოგზე.

http://publicorder.wordpress.com/

თბილისი. ნინო <3 ბლოგი საზოგადოებრივი წესრიგის შესახებ. საინტერესო პოსტები, ავტორის გაკეთებული ანიმაციები, ვიდეოები.

http://kolfildisblog.wordpress.com/

ქუთაისი. საყვარელი მირანდულინო. კოლფილდის ბლოგზე ინკლუზიური განათლების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ. მირანდა ბევრისთვის ნაცნობი ბლოგერის, შორეს დაა და, როგორც შორენა, დაუგეგმავად გავიცანი და ერთი ნახვით შემიყვარდა.

http://vchirdebit.wordpress.com/

ბათუმი. ბავშვები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ მოხუცებს გაულამაზონ ცხოვრება.

http://chvenertnivart.wordpress.com/

ბათუმი. გოგონები, რომლებიც ინვალიდ ბავშვებს ეხმარებიან.

http://acharadges.wordpress.com/

ახალი ბლოგერების თვალით დანახული აჭარა. ეს გოგონებიც აქტიურები არიან, თუმცა სოციალური მედია სულ 2-3 კვირის წინ გაიგეს, რა ხილია და ბლოგიც მაშინ გაიხსნა.

* * *

როგორ მინდა, რომ ყველა მათგანზე სათითაოდ და ვრცლად დავწერო. მაგრამ აქ შევჩერდები (პროექტის ფარგლებში არსებული ყველა ბლოგის ხილვა შეგიძლიათ ამ ლინკზე). თქვენ შეიძლება წაწყდომიხართ მათ ბლოგებს, დაგიწერიათ კომენტარი, ძველ ბლოგერებს აგიბზუებიათ ცხვირი, გაგიკრიტიკებიათ ისინი სურათების ზომის ან პუნქტუაციის გამო. ასეთებიც შევნიშნე და მეღიმება ხოლმე. იმიტომ, რომ ბლოგების უკან არ ჩანს ადამიანები, ვინც ამ ბლოგებს  წერენ.

ტრენინგზე

პროექტს ჰქვია Social Media at School (Project Harmony International-ის ერთი პროექტის. GLSP-ს ქვეკომპონენტი). პროექტის ფარგლებში საქართველოს 4 ქალაქში ჩატარდა ტრენინგი სოციალური მედიის შესახებ – თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი. და ყველა ბლოგერი, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა, 13-16 წლის.

ამიტომაც შთამაგონებენ.

თუ 13 წლისას შეუძლია მთელი დღე თავისი სურვილით ბავშვთა სახლში გაატაროს და მათ დაეხმაროს, თუ 14 წლის ასაკში იმდენს ახერხებს, რომ მერიამდე მიაღწევს და სკოლის ეზოში ნერგებს დარგავს, თუ 15 წლის ასაკში კომპიუტერთან დაჯდომისას პირველი გასართობი თამაშები კი არა, ბლოგია წესრიგის შესახებ, მე ვარ ამაყი, ბედნიერი და იმედიანი. ეს ადამიანები მაიძულებენ, ვეძებო ყველაში ნინოები, თორღვები, თამუნები, მირანდები და, როცა ვპოულობ, ისევ ისეთი ბედნიერი და აღტყინებული ვყვები სოციალური მედიის შესახებ. თუნდაც ყოველ დღე.

Posted in Web | 28 Comments

რედიზაინი

რედიზაინი, რომელიც ყოველთვის მტკივნეულია, მაგრამ ამ შემთხვევაში განიხილება, როგორც ბლოგისთვის სულის შთაბერვის მცდელობა.

დიზაინზე წუწუნი არ მიიღება, დამუშავების სტადიაშია და მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ რაღაც სიახლის ილუზია შევქმნა და აღარ მეშინოდეს ამ ბლოგის.

ესეც ციტატა ბლოგის შესახებ ჩემი “თავისუფლების დღიურებიდან”:

ჩემი ბლოგი კარგა ხანია, მივაგდე. ფიზიკურად არსებობს, მაგრამ გაყინულია, ხანდახან, როცა რამე მნიშვნელოვნის გაზიარება მინდება, ვწერ, მაგრამ ძალიან იშვიათად ხდება ეს. ვფიქრობდი, ალბათ, ეს იმის გამოა, რომ როცა რაიმეს დაწერა მინდება, ფეისბუკზე ვაქვეყნებ-მეთქი, მაგრამ, როგორც ჩანს, მთლად სწორი არ ვიყავი: აგერ, „თავისუფლების დღიურებს“ ხომ ვწერ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღის მანძილზე ფეისბუკზეც ვაქტიურობ.

ახლა ვფიქრობ და მეორე მიზეზამდე მივედი: მას შემდეგ, რაც ჩემი ბლოგი პოპულარული გახდა, ნელ-ნელა გავაიშვიათე წერა. საერთოდ, ჩვენთან „პოპულარობის“ ცნება ცოტა სასაცილოა. ათასი მკითხველი გყავს? ვაუ, შენი ბლოგი ყველაზე პოპულარულია! არადა, რომ დაფიქრდე, რა არის ათასი მკითხველი? არაფერი! ათასმა კაცმა იცის შენი არსებობა, სამაგიეროდ, დანარჩენი მილიონი გარტყმაში არაა. ჰო, სად ვიყავი? ამ ათას ადამიანს შენი ბლოგი უყვარს, ელოდება, რომ შენი მომდევნო პოსტიც იმაზე მაგარი თუ არა, ისეთივე კარგი იქნება, როგორიც წინა იყო და ამ პრესს ვერ უძლებ. წერა არ მინდა? როგორ არა?! ანონიმური ბლოგის გაკეთებაზეც ბევრი მიფიქრია, ჰოდა ახლა გავაანალიზე – ალბათ ზუსტად მაგიტომაც, ეს პრესი იხსნება, წერ იმიტომ, რომ წერა გინდა და არ ფიქრობ, რას ელიან შენგან მკითხველები.

დანარჩენი ყველა მიზეზი საკუთარ თვალებში ნაცრის ყრაა – დაკავებული ვარ, ყელში ამომივიდა, ბევრი საქმე მაქვს, კიდევ სამ ბლოგს ვაკეთებ პარალელურად პროექტების ფარგლებში და ა.შ.

ნეტა, ოდესმე თუ გადავაბიჯებ ამ პრესს? ან მინდა კი გადაბიჯება?

7-ვე დღე მოიძევება ამ ლინკზე: თავისუფლების დღიურები, დოდი ხარხელი.

Posted in Just, რა | Tagged , , , , , | 17 Comments

უცხო თვალით დანახული საქართველო

Teach and Learn with Georgia (TLG) – ესაა პროექტი, რომლის საშუალებითაც საქართველოში ჩამოვიდნენ ამერიკელი მასწავლებლები და ადგილობრივ ინგლისურის მასწავლებლებთან ერთად ინგლისურს ასწავლიან სკოლაში ბავშვებს.

აქ არ დავიწყებ იმაზე მსჯელობას, კარგი პროექტია თუ ცუდი. ერთი მოულოდნელად საინტერესო მხარე აღმოაჩნდა – იმ მასწავლებლების ნაწილმა, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ, ბლოგების წერა დაიწყო.

ძალიან საინტერესოა მათი თვალით დანახული საქართველო, რაღაც თავისებურებები, რაც ჩვენ აღარც კი გვხვდება თვალში, არადა შორიდან უცნაურია.

ვიცი, რომ ბევრს აინტერესებს, ამიტომ ამ პოსტში შევეცდები ერთად მოვუყარო თავი “ყივჩაღთა ბლოგებს” (c) ლინგვისტუსი. კარგი საკითხავია. თუ იცით რომელიმე მასწავლებლის ბლოგი, რომელიც აქ არ წერია, გთხოვთ, მომწეროთ კომენტარებში:

სტუმარ მასწავლებლებს ტრენინგები ჩაუტარეს, კარგად დააშინეს. ისე მასპინძელი ოჯახებისთვისაც რომ ეთქვათ ორიოდე სიტყვა, არ იქნებოდა ცუდი, ყველა ბლოგზე ცრემლებია: აძალებენ ჭამას, მთელი დღე “ჭამე, ჭამე!” ისმისო.

(პოსტი შიგადაშიგ განახლდება ახალი ბლოგების პოვნასთან ერთად)

P.S.: My friend told me, that some of TLG volunteers found the post and were interested about the subject. I’m trying to collect all your blogs here, so that everyone who’s interested could find them easily. Your blogs are very fun and interesting to read for me and for many of my friends as it gives us the opportunity to see ourselves and Georgia “zoomed out”.

I really appreciate your work. I hope I’ll have the chance to meet you (at least those of you, who stay in Tbilisi).

And keep blogging!

Posted in Web | Tagged , , , | 85 Comments

12 მიზეზი, თუ რატომ სჯობს Google შენს ბოიფრენდს

1. Google ყოველთვის შენ გვერდითაა, როცა გჭირდება.

2. Google ყველა კითხვაზე პასუხს გცემს. ყველაზე სულელურ კითხვებზეც კი! მაშინაც კი, როდესაც პასუხი არ აქვს, თავაზიანად გეუბნება, რომ სხვანაირად დაუსვა შეკითხვა და იქნებ რამე მოიფიქროს.

3. Google-ს არაფერი ავიწყდება.

4. Google არ გთხოვს საჭმლის გაკეთებას. თუ მაინც და მაინც მზარეულობის ხასიათზე ხარ, რეცეპტებით მოგამარაგებს.

5. Google მდიდარია!

6. Google-ს კარგი იუმორის გრძნობა აქვს.

7. Google-მ თითქმის ყველა ენა იცის მსოფლიოში.

8. Google გეხმარება შენი დოკუმენტების მოწესრიგებაში, დროის დაგეგმვაში, აგვარებს შენს მიმოწერას, გასწავლის, როგორ უნდა მიხვიდე ერთი უბნიდან მეორეში, გატყობინებს, თუ ვინმემ ახსენა შენი სახელი ინტერნეტში, აანალიზებს შენი დებილური ბლოგის სტატისტიკებს, საერთოდაც, ყოველ დღე კითხულობს შენს ბლოგს, პოსტებს ფორუმზე, ტვიტერს. ფეისბუქის სტატუსები არ უყვარს მხოლოდ.

9. Google ტრუსიკში არ გიძვრება ყოველი შესაძლო მომენტისას. მარტო მაშინ, როდესაც შენ მიუშვებ.

10. Google-ს სხვა ქალებზე თვალები არ რჩება. ყოველ შემთხვევაში, არ გაგრძნობინებს ამას.

11. Google გიპოვის იმ სუჩკის სურათებს, რომელიც შენს ბოიფრენდს ხანდახან ურეკავს.

12. Google დაგეხმარება იპოვო პასუხი კითხვაზე: “როგორ დავადო ბოიფრენდს?”

გილოცავ 12 წლის იუბილეს, Google!


Posted in Web | Tagged , , , , , , | 62 Comments

სოციალური მედია

ორი მიდგომა არ მიყვარს ჩემს პროფესიასთან დაკავშირებით:

1. როცა სოციალური მედიის ძალას სათანადოდ არ აფასებენ

როცა არ სჯერათ, რომ ინტერნეტი რეკლამისთვის ძალიან კარგი იარაღია, როდესაც ბლოგები დროის ფლანგვა ჰგონიათ, ფეისბუქი – მხოლოდ ფარმვილის სათამაშო, ინტერნეტის მომხმარებლები – მუწუკიანი თინეიჯერი ბიჭები.

2. როცა სოციალური მედიის ძალას სათანადოდ არ აფასებენ

როცა ჰგონიათ, რომ სოციალურ მედიას ყველაფერი შეუძლია, ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი – თუ ფეისბუქზე ფეიჯს გახსნიან, ეგრევე გაყიდიან უამრავ ქაქ პროდუქტს, თუ ბლოგს გახსნიან, ეგრევე გაუჩნდებათ ხუთი, ათი, ოცი ათასი მკითხველი, რომლებიც პირველივე პოსტზე დაუჯერებენ, რა კარგია მისი ქაქი პროდუქტი და სხვებსაც მოუყვებიან ამის შესახებ.

Posted in მინი | Tagged , , , , | 8 Comments

Cute :D

Posted in ვიძიუ | 24 Comments

მცირე საგრანტო კონკურსი

Transitions Online, სოციალური მედიის დიდად მხარდამჭერი ორგანიზაცია წელს კიდევ ერთხელ აცხადებს მცირე საგრანტო კონკურსს.

შარშანაც იყო ასეთი გამოცხადებული და, როგორც მახსოვს, ძალიან ცოტა განაცხადი შევიდა. ერთ-ერთი გამარჯვებული მე ვიყავი. წელს ვიფიქრე, რომ ბევრი ადამიანია, ვისაც ეს მინიგრანტი თავის სოც.მედია პროექტებში წაადგებოდა, ამიტომ ვაშეარებ ჩემს ბლოგზეც.

ტექსტი მედია.გე-დან:

“ტრანზიშნს ონლაინი” აცხადებს მცირე საგრანტო კონკურსს ახალ მედიაში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სოციალურ მედიაში მომუშავე მსურველებისთვის.

სამოქალაქო ჟურნალისტიკისა და სამოქალაქო აქტივობების განვითარების ფარგლებში “ტრანზიშნს ონლაინი” გთავაზობთ წარადგინოთ პროექტები ბლოგინგზე და სხვა ვებ საქმიანობაზე ახალ მედიაში.

პროექტის განაცხადის საფუძველზე კონკურსის ორგანიზატორები დააფინანსებენ ხუთ პროექტს, რომელიც უნდა შედგებოდეს მინიმუმ ორი გვერდისგან (მაქსიმუმ ექვსი), და სადაც ინგლისურ ენაზე დეტალურად იქნება აღწერილი პროექტის მიზნები, ამოცანები, შესაძლო შედეგები, ბიუჯეტი და ბიოგრაფია. ხუთი პროექტიდან ორი რეგიონებში მომუშავეებისათვის არის განკუთვნილი. “ტრანზიშნს ონლაინი” პროექტის მხოლოდ ტექნიკურ მხარეს დააფინანსებს და არა შინაარსობრივს.

გრანტის თანხა არის მცირე და დამოკიდებულია პროექტის სირთულეზე.

განაცხადი უნდა გაუგზავნოთ პროექტის მენეჯერს საქართველოში, ელზა ქეცბაიას ელექტრონულ ფოსტაზე: ketsbaiae@gmail.com, ტელ: +995 77 57 57 25.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა-15 სექტემბერი, 2010 წელი.

ფრაზა “ტრანზიშნს ონლაინი” პროექტის მხოლოდ ტექნიკურ მხარეს დააფინანსებს და არა შინაარსობრივს” ნიშნავს, რომ საკუთარ თავს ხელფასი რომ დაუნიშნოთ, არ გამოვა. ხარჯებში შეგიძლიათ შეიტანოთ ნებისმიერი ტექნიკა, რაც დაგჭირდებათ პროექტისთვის – ფოტოაპარატი, ფლიპკამი, მიკროფონი, ასევე – ჰოსტინგისა და დომენის გადასახადი.

დასაშვები ბიუჯეტის მაქსიმუმი ზღვარი, როგორც ვიცი, განსაზღვრული არ არის, პროექტს გააჩნია. მაგრამ მინიგრანტია, 10 000 მწვანეს არ მოგცემენ. : )

მოიფიქრეთ საინტერესო პროექტები, რომლებიც დაკავშირებულია სოციალურ მედიასთან, ბლოგინგთან, მოიფიქრეთ, როგორ შეიძლება თქვენი არსებული პროექტების გაუმჯობესება (მაგალითად, Eventlenta კარგი პროექტია და ცოტა ხელის წაშველებით – უკეთესი დადგება). და რაც მთავარია, არ გადადოთ მთლად 15 სექტემბრამდე.

Posted in Just, რა | Tagged , , , , | 23 Comments