Dear me

5 წლის წინ აღმოვაჩინე პროექტი Dear me. და 5 წელია ვგეგმავ, წერილი მივწერო საკუთარ წარსულ მე-ს, თუმცა სანამ ნატოშამ არ შემაჯანჯღარა, ვერ მოვაბი თავი. მოკლედ, გადავწყვიტე – 10 წლის წინანდელ, ანუ 15 წლის დოდკას ვწერ წერილს, რომელმაც ჯერ არ იცოდა, რომ “დოდკა” გახდებოდა.

დოდი,

დიდი ხანია შენთვის წერილის მოწერას ვაპირებ და აქამდე ვერ მოვახერხე. უცნაურია, ნებისმიერ ადამიანს უპრობლემოდ სწერ წერილს, საკუთარი წარსულისადმი კიდევ ცოტა ჭირს… ვიცი, რომ ვერ გამიგებ მაინც, სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ. თავს გადააქნევ და იტყვი, რომ “არ მინდა ასეთი ვიყო”. და შეეცდები შეცვლას, მაგრამ ვერაფერსაც ვერ შეცვლი შენ ახლა ჩემში – იმიტომ, რომ მე უკვე აქ ვარ.

შენი ყველაზე დიდი ოცნება ახლა ჟურნალისტობაა. რომ იცოდე, მაგაზე სულელური ოცნება არ გქონია არასდროს. მაგაში სადღაც ორ წელიწადში დარწმუნდები, მერე რამდენიმე წელი კიდევ ჭერში ბუზებს დაითვლი და გეგონება, რომ არაფერი გაინტერესებს, გეგონება, რომ ვერასდროს იპოვი შენთვის საინტერესო პროფესიას და გზას ცხოვრებაში. მაგრამ მინდა დაგაწყნარო, იპოვი – ძალიან კარგს, საინტერესოს, სასარგებლოს და თან ეს თავისით მოხდება, შენგან ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ჰობი, რომელიც შენს თანამედროვე საქართველოში არც კი გაუგიათ, შენს საქმიანობად იქცევა. თან გულის სიღრმეში ხომ ისედაც იცი, რომ არსად დაიკარგები.

აბსოლუტურად არ აქვს აზრი, სად ჩააბარებ და ტყუილად იტეხ თავს. ასევე ტყუილად დააბრალებ ელზას, რომ არასწორი გზა აგარჩევინა – სწორი გზა საერთოდ არ არსებობს შენს შემთხვევაში, როგორც უკვე გითხარი, შენი მომავალი პროფესიის შესახებ შენ კი არა, მსოფლიოში არ სმენიათ. სწორედ ამ წლიდან, როცა ამ წერილს კითხულობ, იწყება ძვრები ამ მიმართულებით და საქართველოში კიდევ რამდენიმე წელი არ ჩამოაღწევს.

დიპლომი აგერ 25 წლის ვარ და ჯერ კიდევ არაფერში გამომიყენებია, თუმცა უნივერსიტეტის დამთავრებას იმდენად ცოტა ძალისხმევა უნდა შენგან – უბრალოდ ჩათვლებზე მისვლა, რომ ცუდი არ იქნება, თუ არ მიაგდებ იმ გულისაცრუების პერიოდში. მართლა არაფერში გამოგადგება კიდევ კარგა ხანი, მაგრამ ეგდოს მაინც სახლში.

არ ვიცი, რატომ ხარ ასე დარწმუნებული, რომ შენი შვილი ბიჭი იქნება – ეტყობა მაინც მოვიდა ეს წერილი შენამდე. მართალი ხარ, ბიჭი იქნება, ჯანმრთელი, ჭკვიანი და ძალიან საყვარელი. თუმცა იმაში ცდები, რომ უმამოდ გააჩენ – თუნდაც იმიტომ, რომ ჭკვიანი გოგო ხარ და კონტრაცეპციის ყველა მეთოდის ჩამოთვლა შეგიძლია ძილშიც. შვილს კიდევ ძალიან კარგი მამა ჰყავს. ვერ ვიტყვი, რომ გადასარევი ქმარია, ან შენ ხარ იდეალური ცოლი. შენ ამაზე უკვე იწყებ ფიქრს: გადასარევი ოჯახები, ანუ გადასარევი ქმრები და იდეალური ცოლები ზოგადად არ არსებობენ და მაინც ყველა ოჯახს ერთი ბედი უწერია. მაგრამ მართლა კარგი მამაა. ისე ზოგადად კიდევ უამრავი წარუმატებლობა გექნება ურთიერთობებში. აპ, აპ – ვცდები. წარუმატებლობა კი არა, გამოცდილება.

სხვათაშორის, სულაც არ ხარ მახინჯი და რაც მალე დაიწყებ მაგ კომპლექსებთან ბრძოლას, მით უფრო გაგიადვილდება ცხოვრება. შენს ასაკში ყველა გოგოს მახინჯი ჰგონია თავი. არც მსუქანი ხარ. საერთოდ, რამდენი თაყვანისმცემელი უნდა გყავდეს, რომ დარწმუნდე ამაში?

ისე კარგი ტიპი ხარ. და სწორი დევიზი გაქვს. “If I fail, if I succeed, at least I lived as I believed.” ნახე, ათი წლის შემდეგ კიდევ მახსოვს ეგ ციტატა ვიტნი ჰიუსტონის სიმღერიდან და კიდევ ასე ცხოვრებას ვცდილობ.

ამ წერილს ბაკურიანიდან გწერ. აჰაჰ, არა, აქ არ გავთხოვილვარ, ნუ გეშინია. ტრენინგს ვატარებ. რაში? არ გეტყვი, არ მინდა, დავასპოილო (სხვათაშორის, ეს სიტყვა ჯერ არ იცი). ხომ არ დაგავიწყდა, კიდევ რამდენიმე წელი უნდა თვალო ჭერში ბუზები…

უი, წარმოგიდგენია, რომ ოდესმე საქართველოდან წასვლა არ გენდომება? ძალიან ბევრი რამე შეიცვლება ქვეყანაში. თან აქ უფრო საჭირო ხარ, ამიტომ საერთოდ გადაიფიქრებ სადმე წასვლას. ურაპატრიოტიზმი არ მალაპარაკებს (არც ეს სიტყვა გაგიგია). ვირი გინდ ღობის აქეთ დააბი, გინდ ღობის იქით, მაინც ვირიაო – თუ რამის მიღწევა გინდა, აქ უფრო ადვილიც კია. სხვაგან სხვის აშენებულ სახლში უნდა იცხოვრო და მუდამ სტუმარი იყო, აქ კიდევ შენ თვითონ მოგეცემა შანსი, შენი სახელობის აგურებით აშენო სახლები (არა, არც სამშენებლო ბიზნესში არ მოხვდები, ნუ ხარ სულსწრაფი).

მოკლედ, არ მოიწყინო. ელზას ბევრი არ ეჩხუბო. და ძალიან, ძალიან ბევრჯერ წაიმტვრიე ცხვირი, საბოლოოდ მაინც არაფერს ინანებ.

This entry was posted in Just, რა. Bookmark the permalink.

17 Responses to Dear me

  1. sheila says:

    mdaaa … saintereso naceri iko da sainteresod iko dacerili. mec vapirebdi magas, magram ragac ver … ar mikvars “me – 10 celi”. all the best

  2. “If I fail, if I succeed, at least I lived as I believed.”

    oh yeah, სარკეზე მქონდა გაკრული :)
    მე მიხარია რომ ეგ წლები ერთად გავიარეთ :)

  3. 13th says:

    ვაიმე, რა მაგარია <3… ნეტა შეიძლებოდეს მართლა გააგზავნო ეს წერილი უკან წარსულში და პასუხიც მოგივიდეს :))) რამე, წიპა "ეეე, ნუ ახურებ რა "… ან რას მოგწერდა თინეიჯერი დოდკა ახლანდელს? :)

  4. fiqro says:

    მეც ძალიან გამიჭირდა დაწერა, რაღაცეები საერთოდ აღარ მახსოვს. 20 წელი გავიდა მას მერე რაც 15ს ვიყავი, ვავა :დ

  5. LiLaC says:

    მე 14-15 წლის რომ ვიყავი ჩემს მომავალს მივწერე წერილი და ვთხოვე, რომ 2010 წლის ბოლოს წაეკითხა და იქვე ერთი ფურცელიც დავუტოვე პასუხის გასაცემად, მაგრამ იმ დღიურს ვეღარ მივაგენი. არადა, მაგრად მაინტერესებს რა დავწერე მაშინ.

  6. Lord Vader says:

    დოდკა გახდებოდა რას ქვია?
    აკი დოდკად არ ხდებიან დოდკად უნდა დაიბადო-ო? :)

    • Dodka says:

      ნუ, “დოდკა” ჩემს ცხოვრებაში არ არსებობდა, იყო მხოლოდ “დოდი” და “დოდკა” მას შემდეგ “გავხდი”, რაც wordpress.com-ზე დარეგისტრირებისას დოდი და ყველაფერი, რაც მომაფიქრდა, დაკავებული აღმოჩნდა :დ

  7. Kate says:

    გულწრფელად მიხარია შენი წარმატება. მართლა მიხარია და მუდამ ასეთი ყოფილიყავი. ვილიამი სასწაული ბავშვია და შორიდან ძალიან მიყვარს.
    უბრალოდ ამასთანავე ძალიან მენატრება ის დოდკა, რომელთან ერთადაც მე “ნიკალა”–ში დავდიოდი, ვჭორაობდი, მესაუბრებოდა, რომ უნდა გაეკეთინა პროექტი “არტ–იდეა”, სადაც ბევრი ბლოგერი ერთად დავწერდით ერთი კვირის განმავლობაში 1 კონკრეტულ თემაზე.
    მართლა მენატრება და გული მწყდება, რომ ახლა აბსოლუტურად მიუწვდომელი ხარ ჩემთვის. მიუწვდომელი ანუ არასოდეს პასუხობ ტელეფონს/მეილს/ჩეთს/პმ–ს/wall–ზე კომენტარს.
    მე ის დოდკა მენატრება, რომელიც “მზიურში” იყო ჩვენთან ერთად და წიგნი ვათხოვე.
    მე ის დოდკა მენატრება, რომელიც შორს არ იყო.
    ახლა კი ყველაფერი აბსოლუტურად სხვანაირად არის.
    ახლა შენ მხოლოდ ტელევიზორში გხედავ ამა თუ იმ გადაცემაში.
    :(((((((((

    თუმცა მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ.
    :**

    sorry 4 being frank. ასეთი ვარ. :|

  8. Lord Vader says:

    რაც უფრო შორს ხარ – მით უფრო ვტკბები
    მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი

  9. ESTA Antrag says:

    საინტერესოა როცა საკუთარ წარსულ “მეს” წერილს წერ. და არა მარტო საინტერესო, სასარგებლოცაა. ამ წერილის მიწერის დროს წარსულს აანალიზებ ძალაუნებურად

  10. დოდ !
    რა რა რა კარგი პოსტია <3
    ზედმეტი სიტყვები ზედმეტია :დ:):) <3

  11. Keti says:

    რა კარგი წერილია.
    მართლა რომ შეიძლებოდეს მომავლიდან წერილების მიღება, ძალიან დამამშვიდებდა ასეთი წერილი, თუმცა გამაზარმაცებდა კიდეც :))

  12. ”ვირი გინდ ღობის აქეთ დააბი, გინდ ღობის იქით, მაინც ვირიაო – თუ რამის მიღწევა გინდა, აქ უფრო ადვილიც კია. სხვაგან სხვის აშენებულ სახლში უნდა იცხოვრო და მუდამ სტუმარი იყო, აქ კიდევ შენ თვითონ მოგეცემა შანსი, შენი სახელობის აგურებით აშენო სახლები” გეთანხმები ამაში 100% ით მომეწონა ………..

  13. salome56 says:

    ვაიმე რა მაგარია :დ ძაან მაგრად მომეწონა…ეხლა რომ ესეთი წერილი მომივიდეს დიდი სალომესგან და მასში ეწეროს რომ ტყუილად სწავლობ დიპლომი არ დაგჭირდება და ჭერზე გააგრძელე ბუზების თვლაო რა არხეინი ცხოვრება მექნება :( (მიუხედავად იმისა რომ ისედაც არხეინია)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s