Timha 08.03 – Female Food Hero

8 მარტი ძალიან მაგარი ქალების გარემოცვაში გავატარე, ოღონდ ყვავილების, გულიკების და ბუშტების გარეშე, სამაგიეროდ კარტოფილებით, ღორებით, ძროხებით, ფერმებით, მეურნეობით.

არის ასეთი ორგანიზაცია, Oxfam, და აქვს კამპანია GROW,  რომელიც მიმართულია მეტი მოსავლის მოყვანაზე, ცოდნის გაზიარებაზე და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე. მე მქონდა პატივი, ვყოფილიყავი ჟიურის წევრი “Female Food Hero”-ს გამოსავლენად. 8 მარტს კი დაჯილდოება გაიმართა. ჩემი  Timha-ც ეს იყო: 12 ფერმერი ქალი და 12 ბლოგერი, რომელმაც პოსტები დაწერეს ამ ქალების შესახებ.

ისტორიების წაკითხვა და ქალბატონების გაცნობა აქ შეგიძლიათ. მე კიდევ მგონი ვბერდები – ბოლო ერთი წელია მიწასთან ურთიერთობის აუტანელი სურვილი მაქვს, მინდა, რომ მოვხნა, დავბარო, დავთოხნო, ყურძენი დავკრიფო, გავსხლა. ხანდახან არ ვიტყოდი უარს, შაბათ–კვირას მაინც ჩამოვმხტარიყავი ქუსლებიდან, ჩავმხტარიყავი ბოტებში და ჩემი საკვები მე თვითონ მომეყვანა.

ალბათ ეგ დროც მოვა.

oxfam grow

Posted in Things I'm Happy About | 6 Comments

ეს ჩაი ან შეგიყვარდებათ პირველივე ყლუპიდან, ან ვერ აიტანთ და შეგზიზღდებით მეც მასთან ერთად, როგორც ამ ჩაისთან ასოცირებული ადამიანი. მე პირადად მიყვარს მსგავსი გემოები და შემიყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ პირველად როდესაც გავაკეთე, ბარბის არ დავუჯერე და გვიან ღამე დავლიე, რის გამოც ჯერ ძლივს დავიძინე ღამის 4 საათზე  და მერე ყოველ 20 წუთში ერთხელ მეღვიძებოდა. 

რეცეპტი, როგორც მე ვაკეთებ:

2–3 კარდამომის მარცვალი (დაჭყლეტილი), ჯინჯერის (ჯანჯაფილი, იმბირი) დაჭრილი ფესვი (იყიდება გუდვილშიც, ღირს საკმაოდ იაფი, მაგალითად მე ვიყიდე 330 გრამი – 1,80 ლარი, მაცივარში ინახება დიდხანს. ცოცხალს სხვა გემო და არომატი აქვს, დაფქვილს კი – სხვა), დარიჩინის ნატეხი (მე არ მქონდა და ფხვნილად ჩავყარე), იდეაში უნდა ანისის ვარსკვლავიც, რომელიც ასევე არ მქონდა და დავიკიდე, მიხაკის 2–3 მარცვალი და ასევე რამდენიმე მარცვალი “დუშისტი” წიწაკა ჩავყარე პატარა ქვაბში, დავასხი 3/4 ჭიქა წყალი და ვადუღე რამდენიმე წუთი, შემდეგ დავასხი 3/4 ჭიქა რძე და ჩავყარე 2 ჩაის კოვზი შავი ჩაი (მსხვილი გრანულები, გურიელის შავი ჩაი მაგალითად). რძეც წამოვადუღე და მერე გადავწურე ეს ყველაფერი საცერში, რომ ეს ფინჩხები მოშორდეს. დავატკბე თაფლით.

მოკლედ, რძიანი ჩაი სუნელებით, აქვს “ცხელი” გემო, კარგია გაციების დროს, ყელის ტკივილისას, ენერგიით აღვსებისათვის და დანარჩენი კიდევ მისი ბედნიერი თვისებების შესახებ შეგიძლიათ გუგლში მოიძიოთ ქივორდით Masala Chai.

chai

პროექტის ყველა პოსტი: Things I’m Happy About

Posted on by Dodie | 7 Comments

Timha 06.05 – Gym

თითქმის ყველა, ვინც იგებს, რომ სამსახურში ტრენაჟორების დარბაზი გვაქვს, შურით ამბობს: “აუ რა მაგარია, მეც მინდა!” (“თითქმის” – იმიტომ, რომ ზოგს ასევე აქვს სამსახურში მსგავსი დარბაზი).

სინამდვილეში არაფერი შესაშური ამაში არაა, სამსახურის ჯიმში ძალიან, ძალიან ცოტა ადამიანი დადის ყოველთვის. ჯერ ეძებ მოტივაციას, მერე დროს, მერე “მომავალი თვიდან დავიწყებ”, მერე ფიქრობ, რომ გირჩევნია სადმე აბონემენტი აიღო და ფულს იხდიდე, იქნებ ამან მაინც გაიძულოს ვარჯიში. ასევე ხანდახან გგონია, რომ დამატებით +1 საათი დილით ან საღამოს სამსახურის შენობაში გატარებისგან შეიძლება თავიც მოიკლა.

იმ 100 ადამიანიდან, ვინც ნატრულობს სამსახურში ჯიმს, მხოლოდ 1 ივარჯიშებს ალბათ, რეალურად რომ მისცე ამის შესაძლებლობა.

დაახლოებით იგივე სიტუაციაა, როცა ოცნებობენ, ნეტა სახლში მქონდეს სარბენი ბილიკი ან ველოსიპედიო და მერე ის ველოსიპედი, როგორც წესი, ტანსაცმელების მისაკიდ ავეჯად იქცევა ხოლმე.

აი მეც, წელიწადზე მეტია, “საქართველოს ბანკში” ვმუშაობ და პირველად სწორედ ახლა ჩავედი სავარჯიშოდ. გარეთ ისევ საშინლად ცივა და ვერ დავრბივარ, ამიტომ კუს ტბა სარბენი ბილიკით ჩავანაცვლე.

ბოლოს ტრენერმა გამწელა კიდეც და სრულიად ბედნიერი ვიყავი. იმდენად, რომ ფოტოს გადაღება დამავიწყდა, ამიტომ პოსტს სურათად ჩვენი ჯიმის პროფესიონალურ ფოტოს ვურთავ.

Bank of Georgia Gym

პროექტის ყველა პოსტი: Things I’m Happy About

Posted in Things I'm Happy About | Tagged , , | 10 Comments

Timha 05.03 – Moves

ძალიან საყვარელი აპლიკაცია iPhone-სთვის – Moves.

დადიხარ შენთვის და ის ანგარიშობს ნაბიჯებს. ტრანსპორტით რომ ვიმგზავრე სამსახურამდე, მაგასაც თავისით მიხვდა.  მაინტერესებდა, ისეთ დღეს, როდესაც არ დავრბივარ, რამდენს დავდივარ. აი თურმე სამსახურში 19 წუთს ვატარებ ბოდიალში.

ჩემი 5 მარტის “ზაოტ–კრაოტ”:

Moves

პროექტის ყველა პოსტი: Things I’m Happy About

Posted in Things I'm Happy About | 8 Comments

Timha 04.03 – Coconut stuff

Yves Rocher – რატომღაც სულ მეგონა ძალიან ძვირიანი ბრენდი. ამ ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ ჩემ ირგვლივ ბევრი ერთგული მომხმარებელი ჰყავს და თურმე არც ისე ძვირიანი ყოფილა, როგორიც მეგონა, მითუმეტეს ფასდაკლებაზე.

სანამ ხელფასი ბოლომდე გამიქრა, ვიყიდე ჩემი მეგობრების მიერ ძლიერ რეკომენდებული ტონალური (ფასდაკლებით 22 ლარი) და ხელს გამოვაყოლე ქოქოსის შხაპის გელი (11 ლარი) და ლოსიონი (12 ლარი).

მოკლედ, თუ მარშუტკაში უცებ რაფაელოს შესანსვლის დაუოკებელი სურვილი გაგიჩნდათ, ესე იგი, სადღაც იქვე ვზივარ მე.

Yves Rocher

 

 

პროექტის ყველა პოსტი: Things I’m Happy About

Posted in Things I'm Happy About | Tagged , , , | 6 Comments

Timha 03.03 – Our Sunday

ვილიამთან ერთად ‘მადაგასკარის” ლაბირინთებში ძრომიალი, სასრიალოებზე სრიალი და ბურთების აუზში გორაობა – რა შეიძლება იყოს უკეთესი კვირა დღეს.

ყველა მშობელს ვაიძულებდი ბავშვთან ერთად გასართობ ცენტრში წასვლას, იმის ნაცვლად, რომ კვირა დღე სახლში ტელევიზორს ან კომპიუტერს მიჯაჭვულმა გაატარონ ან ის 7-10 ლარი კინდერში და კანფეტში დახარჯონ.

3 მარტი - მე და ვილი მადაგასკარში

პროექტის ყველა პოსტი: Things I’m Happy About

Posted in Things I'm Happy About | 3 Comments

Timha 02.03: Those Perfect Moments

შაბათს ცუდ ხასიათზე გავიღვიძე. რაღაც ცვლილებები უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, ცვლილებებისადმი კიდევ არც ისეთი ხალისიანი დამოკიდებულება მაქვს ზოგადად, ამაზე ადრეც ვწერდი ბლოგზე. თან ავადმყოფობამაც არ დაადგა საშველი დამთავრებას.

რადგან გარეთ კარგი ამინდი იყო, გადავწყვიტე, რომ სჯობს არ დავნებდე ამ ცუდ ხასიათს და ავადმყოფობას და წავიდე სარბენად.

ცხვირში ერთი გალონი სურდოს გამხსნელების ჩასხმის შემდეგ, მივხვდი, რომ სირბილს მაინც ვერ შევძლებდი, რადგან თავი მიყანყალებდა მცდელობის დროსაც კი (რაღაცნაირი შეგრძნება რომაა, თითქოს ტვინი ეხეთქება თავის ქალას), ვიფიქრე, რომ ფეხით სიარული სჯობს, გამახსენდა ჩემი ერთი ფრენდის რჩევა, მეარა აღმართზე და დავგეგმე კუს ტბაზე ფეხით ასვლა, ჩემი სახლიდან.

ამდენი ხნის უმოძრაობის შემდეგ ძალიან მესიამოვნა ფიზიკური დატვირთვა, მაგრამ 2 მარტის Timha-ში კუს ტბაზე აღწევის შემდეგ დამდგარი იდეალური მომენტი მოხვდა, როდესაც დავჯექი ტბასთან, გავაკეთე გაწელვები და ცოტაც ვიმედიტირე. იმ წამს ყველაფერი იდეალური იყო – ამინდი, ხედი, ჩიტების ხმა, სადღაც შორიდან ხალხის ლაპარაკი, ღრუბლები, ცა, მეც კი იდეალური ვიყავი.

კუსტბა

2 მარტი – კუს ტბა

ჰო, კიდევ Runkeeper-ის მიხედვით, ახალი რეკორდები მქონდა. ესაა რეკორდები და ჩემი განვლილი გზა:

runkeeper

P.S. კუს ტბიდან ჩამოსვლისას უკვე ძალიან დამეღალა კუნთები და რამდენჯერმე დავაპირე მიმავალი მანქანებისთვის ხელის დაქნევა, რომ ჩავყოლოდი ქვემომდე. მორიგი მსგავსი ფიქრისას, როცა გავჩერდი კიდეც უკვე, დავინახე ქვემოდან ზემოთ ძუნძულით ამომავალი ასე 65 წლის კაცი. მე კიდევ აღმართზე რომ ამოვედი ფეხით (სირბილზე არც მიფიქრია), იმასაც გმირობას ვუთვლი საკუთარ თავს და თურმე ვიმსახურებ, რომ მანქანით ჩავიდე. მაგრად შემრცხვა უცებ, თავში ერთი ფრაზა მიტრიალებდა: What’s your excuse?!

გავაგრძელე ბოლომდე ფეხით.

პროექტის ყველა პოსტი: Things I’m Happy About

Posted in Things I'm Happy About | Tagged | 4 Comments

Timha 01.03: Welcome, Spring!

გაზაფხულის აღსანიშნავად დილით თმაში ჩავიქსოვე რომელიღაც გულსაკიდის ძეწკვი. სულ მომწონს მსგავსი რაღაცები სხვებზე, მაგრამ მე თვითონ არასდროს მიცდია, იმედია შემდეგ ჯერზე უკეთ გამომივა, მაგრამ მაინც, კარგ ხასიათზე დამაყენა.

T

პროექტის ყველა პოსტი: Things I’m Happy About

Posted in Things I'm Happy About | Tagged , | დატოვე კომენტარი

Things I’m Happy About (Timha) – February

ახალი პროექტი მაქვს, საკუთარი თავისთვის – Timha – Things I’m happy about.

სინამდვილეში პროექტის დაწყება დღეს, 1 მარტს მქონდა დაგეგმილი, თუმცა თებერვალში ერთგვარი “მოთელვა” გავაკეთე და ამ პოსტში მინდა შევაჯამო.

Fb-ზე სპეციალურად ამისთვის შექმნილ ალბომში ყოველ დღე უნდა დავდო რაღაც, რაც მაბედნიერებს/რისთვისაც მადლიერი ვარ/რაც პოზიტიურია ირგვლივ. ბლოგზე არ ვიცი, გადმოვიტან თუ არა, შეიძლება ასე, შემაჯამებელ ფორმატში გადმოვიტანო მერე. ან საერთოდაც, იქნებ ბლოგზევე გავაკეთო?

რისთვისაა ეს? იმისთვის, რომ არ დამავიწყდეს ცხოვრებაში პოზიტიური და ბედნიერი დეტალების შემჩნევა.

8 თებერვალი

გაყინული ალუბალი, რომელიც იყიდება გუდვილში. ფასი – 4,40 ლარი. საერთოდ, გაყინულ პროდუქტებს სკეპტიკურად ვუდგებოდი, სანამ არ გავსინჯე ეს საოცრება და ამის შემდეგ მე აღარ მეშინია ზამთრის, კენკრის მონატრების და კიდევ აღარ მეშინია დასალევი იოგურტების არასიჯანსაღისა და მაღალკალორიულობის, რადგან მე თვითონ ვაკეთებ გემრიელ და ჯანმრთელ დასალევ იოგურტს კეფირით, ალუბლით და თაფლით ბლენდერში <3

Image

8 თებერვალი – გაყინული ალუბალი

9 თებერვალი

იანვრის შუა რიცხვებიდან დავრბივარ. ჩემი ფეხსაცმელების გარდერობი ვინც იცის, იქ სულ ორი უქუსლო ფეხსაცმელი არსებობს: კედები, რომელიც დედაჩემმა მომცა და ბატინკები, რომელიც მეგობარმა მისცა ჯერ კიბორგას, რომელმაც მომცა მე. არასდროს მიყიდია არაფერი უქუსლო, ბევრი ბევრი წელია. არადა სირბილისთვის ერთი ძალიან თხელძირიანია, მეორე – ძალიან მძიმე. თუმცა მაინც ხან ერთით დავრბოდი და ხან მეორეთი, სანამ ბოლოს და ბოლოს არ შევიძინე ეს საოცრება, რომლითაც ჩემი სირბილი ახალ ლეველებზე ავიდა. თურმე არსებობს დედამიწაზე ფეხსაცმელი, რომლის ქუსლის ზომა 10 სმ–ზე ნაკლებია, მაგრამ მაინც მაბედნიერებს.

ხანდახან, როცა კარგი ამინდია, სამსახურშიც დამაქვს ჩანთით – დღის ბოლოს ვიცვამ და მოვდივარ სახლში ფეხით.

Image

9 თებერვალი – ბოტასები

10 თებერვალი

ცელოფანი, ფოლგა და საცხობი ფურცელი – სამი რამ, რის გარეშეც ჩემი სამზარეულო წარმოუდგენელია. ტაფას და ქვაბს იოლად შეველევი.

Image

10 თებერვალი – სამზარეულოს ამბები

12 თებერვალი

ანანასი (კონსერვიდან), ვაშლი, კივი და დამაგვირგვინებელი ნოტა – ქოქოსის ფანტელი. ძალიან გემრიელი სალათი გამოვიდა, როდესაც ვჭამდი, საკუთარი თავის მშურდა გულწრფელად.

Image

12 თებერვალი – ხილის სალათი

17 თებერვალი

სამტრედიისკენ ტრენინგის ჩასატარებლად მიმავალმა გორის სმარტში შევიარე, დავინახე და უცებ ვიყიდე ეს პარალონი. ლაშქრობისთვის აბსოლუტურად გამოუსადეგარია, მაგრამ სახლის ვარჯიშებისთვის – გადასარევი, რბილი და კომფორტული. ყოველ დილით ტიბეტური ლამების 5 ჯადოსნურ ვარჯიშს სწორედ ამაზე ვაკეთებ.

Image

17 თებერვალი – სავარჯიშო პარალონი

18 თებერვალი

სამსახურიდან სახლისკენ მორიგი გასეირნებისას მარშრუტი ოდნავ შევცვალე და ვაჟას ნაცვლად ბუდაპეშტს გავუყევი. გზად შემხვდა ბოსტნეულისა და ხილის დიდი “ლავოჩკა”, სადაც ვიპოვე ბრიუსელის კომბოსტო.

ფეისბუქზე ზოგმა თქვა, რომ სძულს ეს კომბოსტო, ზოგს კი უყვარს. მე ორი სხვადასხვა ხერხით გავაკეთე და მივხვდი, რომ ორივე ბანაკის მესმის: როცა სოკოსთან ერთად მაღალ ცეცხლზე შევწვი, უგემრიელესი იყო, ხოლო როცა სხვადასხვანაირ კომბოსტოებთან ერთად მოვთუშე, ერთი ლუკმა ძლივს გადავყლაპე. მაღალი ცეცხლი და არა ჩათუშვა ან მოწალვა – ესაა ბრიუსელის კომბოსტოს საიდუმლო ჩემთვის.

Image

18 თებერვალი – ბრიუსელის კომბოსტო

20 თებერვალი

მთელი დღე ვერთობოდი Bitstrips–ში კომიქსების კეთებით. ეს ლილიანია, [იგივე ჩორვენი, იგივე ბუსუნა, იგივე რებეკა, იგივე მარიამ ბლანკი, თუ ოდესმე ჩამოყალიბდება რაიმე ერთ იდენტობაზე] რომელსაც არც ისე მოეწონა ის, რომ მე მთელი დღე ვერთობოდი Bitstrips–ში კომიქსების კეთებით.

Image

20 თებერვალი – Bitstrips

22 თებერვალი

მე ჯერ ვიყავი “პიროვნება–ჩაი” (ასე დავყოთ – პიროვნება–ჩაიები და პიროვნება–ყავები). მერე ნელ–ნელა, ზუსტად არ ვიცი, როდის და როგორ, გავხდი პიროვნება–ყავა, ოღონდ ამ პიროვნება–ყავებს შორისაც განსხვავებებია. ჯერ ვიყავი პიროვნება–ლატე. ახლა პიროვნება–კაპუჩინო ვარ, ოღონდ დარიჩინით. არ მინდა, რომ გავხდე პიროვნება–ესპრესო, თანაც ორმაგი.

მოკლედ, BOG–ის სათავოში ძალიან გემრიელ კაპუჩინოს აკეთებენ და ბევრ დარიჩინს მიყრიან შიგნით. ჩემი დღის ერთ–ერთი ჰაილაითია.

Image

22 თებერვალი – კაპუჩინო

24 თებერვალი

მე მაქვს ჩემი რიტუალები. ერთ–ერთია შაბათობა, რომელიც ამ კვირაში კვირა დღეს დაემთხვა. ესაა დრო, როდესაც მივდივარ ჰეარჰაუსში, ბევრს ვჭორაობ და ისინი თან მალამაზებენ.

24 თებერვლის ბედნიერება არის ჩემი თმა.

Image

24 თებერვალი – თმა

25 თებერვალი

ბარბი სწავლობს ქსოვას, მისი პირველი დასრულებული ნაშრომი ესაა – ვილიამს მოუქსოვა ნარინჯისფერი კაშნე. მე ვარ ამაყი და ბედნიერი, იმის ფონზე, რომ იყო პერიოდი, როდესაც ღილის დასაკერებლადაც გვერდით ატელიეში გადავდიოდი, ბარბი მაძლევს იმედს, რომ შეიძლება ოდესმე მეც შევძლო ქსოვა და კერვა, თუ მოვინდომებ.

Image

25 თებერვალი – ბარბის მოქსოვილი კაშნე

28 თებერვალი

ერთი კვირაა ავად ვარ, სიცხე მაქვს, მახველებს და ჯანდაბა. ცუდ ხასიათზე ვარ, არც კარგი ამინდია, ვერც დავრბივარ, ვერც ვვარჯიშობ, ნორმალურად ვერც ვიკვებები, იმიტომ, რომ სახლში მისვლის შემდეგ არ მყოფნის ენერგია, რაიმე ჯანსაღი და გემრიელი მოვიმზადო მეორე დღისთვის.

ამიტომ რამდენიმე დღის მანძილზე საერთოდ არ გადამიღია არაფერი საპროექტო. და მერე გამახსენდა, რომ მაცივარში მაქვს ნაინოს მიერ ერევნიდან ჩამოტანილი სუჯუხი და ბასტურმა. ვიცი, რომ საკმაოდ კუჭოცენტრული ვარ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ალბომს ვუყურებ და თითქმის ნახევარი ბედნიერებები საკვებს ეხება, მაგრამ სუჯუხისა და ბასტურმას არაღნიშვნა შეუძლებელი იქნებოდა.

Image

28 თებერვალი – სუჯუხი და ბასტურმა ერევნიდან

☼ დღეიდან მარტის თვის Timha იწყება ☼

პროექტის ყველა პოსტი: Things I’m Happy About

Posted in Things I'm Happy About | 18 Comments

Apps that make you beautiful

იანვარში სიგარეტს თავი დავანებე (ელექტროსიგარეტის სუსტი მომხმარებელი ვარ მხოლოდ ახლა და დეტალურად სხვა პოსტში მოვყვები ამ გამოცდილებას), რაც მომენტალურად აისახა ჩემს წონაზე. თუ ოდესმე გადაწყვეტთ, რომ სიგარეტი აღარ მოსწიოთ, არ დაამთხვიოთ ეს ახალ წლებს! 

ახლა აქტიურად ვცდილობ, დავუბრუნდე ნორმალურ რიცხვებს სასწორზე და გაზაფხულს არ შევხვდე ფოხან შარვლებსა და მუხლებამდე მაიკებში. რომლებიც არც ლამაზია და არც მაქვს.

ამაში ძალიან მეხმარება ორი აპლიკაცია, ვიფიქრე, რომ შეიძლება კიდევ ვინმეს გამოადგეს:

1. Loseit 

არსებობს loseit–ის ვებ ვერსიაც – http://loseit.com , მაგრამ განსაკუთრებით მოსახერხებელია მისი მობილური ვერსია (არის ანდროიდისთვისაც და აიფონისთვისაც), რადგან ეგრევე ასახავ მიღებულ საკვებს და არ გავიწყდება კომპიუტერთან მისვლამდე.

გარდა საჭმლისა და კალორაჟის აღრიცხვისა, აქვს უამრავი სამოტივაციო “ფიშკები” challenge-ბის სახით, რომლებშიც ადამიანები ერთიანდებიან. მაგალითად, ერთი დიდი ჩელენჯია ბოსტნეულის ჭამა. ყოველ 30 კალორიაზე, რასაც ბოსტნეულიდან იღებ, გირიცხავს 5 ქულას და ეჯიბრები სხვა მომხმარებლებს.

მე კიდევ ვარ წყლის სმის ჩელენჯში (ჩემთვის ყველაზე რთულად შესასრულებელი დავალება) და კიდევ ერთი–ორში. აქვს რეცეპტების დამატების ფუნქციაც და ფიზიკური დატვირთვისაც.

Image

ჩემი შაბათის მენიუს ნაწილი

ამ აპლიკაციის ერთადერთი ნაკლია ის, რომ მეტრულ სისტემაზე ვერ გადმოიყვან ვერაფრით.

თუ დაიწყებთ მის ვებ ან მობილური ვერსიის ხმარებას და დარეგისტრირდებით, დამიმატეთ მეგობრებში – dodka@dodka.ge

2. Runkeeper

ეს აპლიკაციაც არის ანდროიდზეც და აიფონზეც. ძალიან, ძალიან საყვარელი აპპია, რომელიც აჩვენებს შენი სიარულის/სირბილის სიჩქარეს, რუკას, დამწვარ კალორიებს და აქვს სოციალური ელემენტიც – შეგიძლია დაისახო მიზნები და შეეჯიბრო მეგობრებს, აქვს კიდევ რამდენიმე პროგრამა, რომელსაც შეგიძლია მიჰყვე (სირბილის, მაგალითად, რომელიც დაგიგეგმავს, როდის, როგორ და რამდენი უნდა ირბინო).

ეს ჩემი სირბილი იპოდრომზე:

Image

არავინ უწყის, რატომ დავბოდიალობდი ასე უსისტემოდ, მაგრამ 2,52 კმ ვირბინე ამ დღეს

Posted in Just, რა | Tagged , , , , , , | 4 Comments

Fashionmothers – ფეშენმაზერების დღიური

ბოღმებისა და ძროხების გულღრძო ბლოგი, რომლის თვალიერება  სულ მეხალისება:

Fashionmothers – ფეშენმაზერების დღიური

სასიყვარულო პოეზიის მოყვარულებს არ მოგეწონებათ.

Posted in მინი, Web | Tagged , , | 2 Comments

27 Club

ბავშვობიდან ვთვლიდი, რომ 27 წელი იყო გარდამტეხი ასაკი.

flat,550x550,075,fხომ არსებობს 27 Club – ანუ ის ცნობილი ადამიანები, ვინც გარდაიცვალნენ 27 წლის ასაკში. თუმცა მე სხვა რამის გამო ვთვლიდი 27–ს საკრალურად.

არსებობდა თბილისში ასეთი კოსმეტოლოგი, ლამარა ცუცქირიძე. ალბათ უფროს თაობას უფრო ემახსოვრება. ლამარა ძალიან კოლორიტული ტიპი იყო (გარდაიცვალა უკვე), თვლიდა, რომ მთავარი ქალში არის კანი, ამზადებდა კრემებს და სახის წმენდის დროს გასწავლიდა, როგორ უნდა იყო ჭეშმარიტი ქალი.

ლამარა დედაჩემისგან და დეიდაჩემისგან მერგო მემკვიდრეობით, ანუ ბავშვობიდან მეც მისი კაბინეტის სტუმარი ვიყავი ხოლმე: ჯერ მხოლოდ სტუმარი და შემდეგ უკვე გარდატეხის ასაკში – კლიენტიც.

და ზუსტად იმ პერიოდიდან არის ჩემთვის 27 – გარდამტეხი.

27 წლამდე ასაკის ქალებს ლამარა მკვებავს უნიშნავდა ჩვეულებრივად. 27–იდან კი სცენაზე შემოდიოდა თვალის კრემი – მხოლოდ მკვებავი აღარ იყო საკმარისი, თვალის გარშემო უკვე სპეციალური კრემი იყო საჭირო.

მოკლედ, მე არც ისე კარგად ვმღერი ან ვუკრავ, რომ 27 წლის ასაკში ჩემს სიცოცხლეს რამე ემუქრებოდეს, მაგრამ თვალის კრემი კი უკვე მჭირდება.

Posted in Just, რა | Tagged , , , | 23 Comments

Happy 2012

ახალ წელს ვილისთან ერთად შევხვდი, მის ბებიასთან და ოჯახთან.

მერე ვიდექი და ვუყურებდი ფეირვერკებს. ისინი რომ ჩაქრა – სქაილანთერნები გაუშვეს ცაში. ძალიან მაგრად მიყვარს სქაილანთერნები, მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ არასდროს მქონია და გამიშვია.

ბავშვობიდან მაწუხებდა კითხვა, სად მიდიოდნენ ჰელიუმით გაბერილი ბუშტები. მერე სქაილანთერნებზე დავიწყე ფიქრი. ეგენი სად მიდიან? ჩამოვარდნილი და ჩაფუშული არ მინახავს არასდროს და…

სიგარეტით ხელში, აივანზე, გასულ წელს გადავავლე თვალი. რამდენიმე წლის მანძილზე პირველად არ ვწერ გასული წლის შეფასებას ბლოგზე. კარიერაში ყველაფერი გადასარევად იყო, ვილიც გაიზარდა და ოოოოდნავ გასაგებად ლაპარაკობს. პირადი ცხოვრების ისტორიაში კი 2011 წელი ერთ დიდ შავ ლაქად რჩება.

ხშირად მინდოდა ბლოგზე დამეწერა, ამომეთქვა, მომეყოლა, რა ხდება, თუნდაც იმისთვის, რომ დავცლილიყავი და იქნებ კიდევ ვინმეს საკუთარი ურთიერთობებიც შეეფასებინა გვერდიდან. თუმცა რატომღაც ბოლო წუთამდე ვეჭიდებოდი იმას, რომ არა, ყველაფერი გამოსწორებადია. ბლოგზე თუ დაწერე და გაასაჯაროვე, მერე ნამდვილად ვეღარ დააბრუნებ უკან ვეღარაფერს.

არადა არაფერი არ არის გამოსწორებადი. ჩემი ერთი წელი ამაში წავიდა, იმის მცდელობებში, რომ ღალატი მეპატიებინა, იმის მცდელობებში, რომ ნაკლებად მომეთხოვა ყურადღება, ნაკლებად კი არა – საერთოდ არ მომეთხოვა, იმის მცდელობებში, რომ დაენახათ – ღირსი ვარ, ვინმეს ვუყვარდე, იმის მცდელობებში, რომ აი… იქნებ გადავაკეთო ჩემი პრინციპები, იქნებ მე ვცდები…

ამ სქაილანთერნების ყურებისას მივხვდი, რომ იქ ყოფნა აღარ შემეძლო. წამოვედი სახლში, ტელეფონზე არავის ვუპასუხე, არსად გავედი. სახლში რომ შემოვედი, ეგრევე ტირილი ამიტყდა. დავტირე ჩემს გასულ წელს, ჩემს დაკარგულ ემოციებს, იმას, რომ რაღაცებს ადვილად ვერ გადავაბიჯე და პირიქით, იმას, რომ რაღაცებს ადვილად გადავაბიჯე და არ უნდა გადამებიჯებინა. ვიდექი ფანჯარასთან და ვჯღაოდი და ვჯღაოდი [ჩემი ბლოგის მამრო მკითხველებო, საერთოდ ვინმე მკითხველი თუ შემორჩა აქაურობას, მაპატიეთ ამდენი ემოციურობა :დ].

რაღაც მომენტში თვალები გავახილე და დავინახე, რომ ზუსტად ჩემს ფანჯარასთან, ერთი ხელის გაწვდენაზე ჩამქრალმა სქაილანთერნმა ჩამოიფარფატა და ეზოში დავარდა.

რაღაცნაირად გამეღიმა. ძალიან მინდა, რომ ნიშნების მჯეროდეს და ეს იყოს იმის ნიშანი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. 2013-შიც, 2014-შიც და მერეც.

ვაფაბლიშებ ამ პოსტს  და ამით ვამბობ, რომ მორჩა, დამთავრდა ჩემს ცხოვრებაში ეს ეტაპი, აღარ მინდა მისი უკან დაბრუნება. ახალი წელი კიდევ ამისთვის გადასარევი დროა.

გილოცავთ 2012-ს. თქვენთვისაც ახალი ეტაპის დასაწყისი ყოფილიყოს.

წელს აუცილებლად გავუშვებ სქაილანტერნებს ცაში.

Posted in Just, რა | 34 Comments

How to measure

აი, მე გავუგე ადამიანებს, რომლებიც თავით არიან გადაშვებულები საქმეში და პირად ცხოვრებას ან სულ არ უთმობენ დროს, ან ძალიან ცოტას.

საქმეში ყველაფერი იოლია – იცი, რომ აი, ამდენს გაიღებ – ამდენს მიიღებ უკან. რვა საათი იმუშავე, 6 დღე კვირაში – თვის ბოლოს აჰა შენ XXX ლარი. სტატია დაწერე? აჰა კიდევ XXX. ტრენინგი ჩაატარე? რამდენი დღე იყო? რამდენი საათი? ამის მიხედვით, აი XXX ლარი. თუ დრო ცოტა გაქვს, პატარა პასუხისმგებლობას აიღებ, ცოტას ჩადებ – შესაბამისად, ცოტა ანაზღაურებას მიიღებ.

თუ ის საქმე, რომელსაც აკეთებ, ძალიან გიყვარს და სულს და გულს დებ, ლარების ზემოთ ბონუსად კიდევ აღიარებას და პატივისცემას გჩუქნიან, რომელიც ხანდახან ლარებზე უფრო მნიშვნელოვანია.

პირად ცხოვრებაში? აბსოლუტურად არალოგიკური, გაუზომავი და დაუგეგმავი სიტუაცია. გინდა, რომ სული და გული ჩადო? ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ უკან მიიღებ იგივე საფასურის მქონე ენერგიას ან აღიარებას. ან შეიძლება ძალიან ცოტა ჩადო, სულ ერთი წინწკლი და იმდენი დაგიბრუნდეს უკან, რომ სულაც არ გინდოდეს და ვერ აუხვიდე. საერთოდ, ნორმალური საზომიც არ არსებობს.

Posted in Just, რა | 13 Comments

Random Stuff – აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქცია, ჰოსტელი და “ჩიტი”

1. პროექტი, რომელსაც თვალს ვადევნებ:

მიუხედავად იმისა, რომ ფაქტიურად პლეხანოვზე გავიზარდე, არასდროს შემიმჩნევია, რა ლამაზი სახლები ყოფილა ამ ქუჩაზე. კარგა ხნის შემდეგ პირველად მომიწია ამასწინათ აღმაშენებელზე გავლა და თვალებს არ დავუჯერე, უცებ ვერ მივხვდი, სად ვიყავი.

ძალიან მომწონს, რომ შენობების რეკონსტრუქციას აკეთებენ, ძალიან მომწონს, რომ დიდი ჭადრები მოაშთეს. ამაზე ბევრი დაობს, გამართლებული იყო თუ არა, თუმცა ქალაქის ცენტრში რამდენიმე ხე არ მგონია დიდად ხელს უშლიდეს გარემოს დაბინძურებას, სამაგიეროდ ფესვები საძირკვლებს აფუჭებდნენ, და, როგორც წავიკითხე, დიდი ხეები სათბურის ეფექტს ქმნიდნენ ქუჩისთვის, რის გამოც აქაურობა სულ ჩახუთული იყო. ჭადრების ნაცვლად რაღაც სხვა ხეების დარგვას აპირებენ. ისე, ჭადრების და თუთების დარგვა ქალაქში ვინ მოიგონა თავის დროზე…

რა არ მომწონს:

ფორუმზე გახსნილ თემაში (რომელსაც რეალითი შოუსავით ვკითხულობ, რადგან მონაწილეები ხშირად დებენ ახალ-ახალ ფოტოებს მიმდინარე სამუშაოებიდან და ძალიან აზარტულია ეს ნგრევა-შენების პროცესი)  ბევრმა დაწერა, რომ ერთი და იგივე სახლს რამდენჯერმე აკეთებენ. მაგალითად, გადახურავენ, მერე მოდიან, აყრიან, რამე სხვას დაახურავენ. მერე ისევ აყრიან და მანსარდას დაადგამენ და ა.შ. რატომ? რატომ არ შეიძლება, გაკეთდეს პროექტი ერთხელ და მიჰყვნენ მერე იმ პროექტს. ნერვებისმომშლელია ფულისა და რესურსების ასე უპასუხისმგებლოდ ფლანგვა.  გარდა ამისა, ასევე ფორუმზე დევს ბევრი ფოტო, სადაც ჩანს, როგორი მიფინაჩებულია შენობების ზოგი ნაწილი. ძალიან ვბრაზობ.

/ფოტოები აღებულია ფორუმზე თემიდან, ბევრჯერ გადაკოპირებულია და ამიტომ პირველწყაროს ვერ ვუთითებ/

2. სასარგებლო აღმოჩენა:

ფეისბუქზე ჩემი მეგობარი უცხოელებისთვის ჰოსტელს ეძებდა და აქედან აღმოვაჩინე ერთი თბილისური ჰოსტელი – “ბუმბული”.

სიამაყით აღვივსე, რევიუებს რომ ვკითხულობდი. არ ვიცი, რატომ მჭირს ხოლმე ასეთი აღტყინება ყოველთვის, როცა უცხოელის დადებით შეფასებას ვკითხულობ რამეზე, რაც საქართველოს ეხება – ადრე ნამდვილად მახსოვს, რომ არ მჩვეოდა ასე, მე მგონი, რაც ასაკი მემატება, უფრო პატრიოტი ვხდები.

მოკლედ, თუ დაგჭირდათ უცხოელი მეგობრებისთვის ჰოსტელი თბილისში, იაფი და სტუმართმოყვარე, აი თქვენ ლინკი: http://boombully.com/

3. ვიდეო, რომელსაც ვუყურებ:

Chiti.ge, რომელიც სრული ძალით სექტემბრიდან გაეშვება, თიზერ სიუჟეტს გვთავაზობს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი ინიციატივა:

Posted in Just, რა | Tagged , , , , , , , | 9 Comments