Istanbul

ვფიქრობდი, როგორ დამეწერა პოსტი ჩემი თურქეთში მგზავრობის შესახებ [5-8 ნოემბერი, სრულიად მარტო. მიზეზი: რუმინეთის ვიზა, რომელსაც თბილისში არ გასცემენ]. “დილას ავდექი, იქ წავედი, აქ წამოვედი” პოსტები მგზავრობის შესახებ ძალიან არ მიყვარს, ასევე არ მომწონს ცნობილი ადგილების ფოტოები, ინტერნეტში ყველა უკეთესი ხარისხით მოიპოვება. ამიტომ გადავწყვიტე თუთორიალის სტილში დამეწერა – რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ ოდესმე გადაწყვეტთ თურქეთში მარტო წასვლას. თუ გადაწყვეტთ. ოდესმე.

1. დაუმეგობრდით გამცილებელს

პირველ ორ საათში თქვენ მასზე იმაზე მეტს გაიგებთ, ვიდრე გინდოდათ. ჩემს შემთხვევაში ყური მოვკარი, რომ ოდიშვილთან უნდოდა ცხვირის ოპერაციის გაკეთება. ჩაისა და ყავის დარიგებისას ცხვირზე დავიდე ხელი და ჩუმად ვთქვი “ოდიშვილი”. გაუნათდა თვალები, გათავისუფლდა თუ არა, ეგრევე მოვიდა ჩემთან და მოვუყევი ოპერაციის მსვლელობა, ვუპასუხე ყველა კითხვაზე, რაც გაუჩნდა. ამის შემდეგ ყველა ჩემი თხოვნა მაშინვე კმაყოფილდებოდა, რითიც, პრინციპში, ბოროტად არ მისარგებლია, თხოვნები ძირითადად ყავისთვის დამატებითი შაქრით შემოიფარგლებოდა ხოლმე.

რძიანი ყავა ავტობუსში

[ორი დღეა ვიხსენებ, რა ერქვა ამ გოგოს… ნანა? თიკო? ლია? ვ ე რ ა ფ რ ი თ…]

2. გაიღიმეთ

პასპორტის ფოტო

ბანალურია, მაგრამ ეს მართლა უნივერსალური ენაა. როგორც დავაკვირდი, ძალიან ცოტა იხდის მადლობას და იღიმის. ამავე პუნქტში შეიძლება გავიდეს –

მოიხსენით სტრესი, რომ რაიმე მოგივათ, ვინმე რამეს მოგპარავთ ან მანიაკები აგედევნებიან. მანიაკები სახლიდან მაღაზიაში გასულსაც შეიძლება აგედევნონ.

აქვე, ღიმილის თემაზე – ჩემი სიამაყე, ღიმილიანი პასპორტი, რომელიც მესაზღვრეებთან ურთიერთობას უფრო სასიამოვნოს ხდის.

საზღვარი საკმაოდ მალე გავიარეთ, ზედმეტი პრობლემების გარეშე. თუმცა ორი რამ მახსენდება, რამაც მაგრად ნერვებზე მომშალა:

  • საქართველოდან გასვლისას რიგში ჩემს წინ ერთი ბიჭი იდგა, რომელიც ქუთაისში ამოვიდა. მესაზღვრე ეკითხება; “ქართველი ხარ?”. ის პასუხობს: “არა, რა ქართველი, მარტვილელი ვარ!” მესაზღვრეს უცებ უხარია და თავიანთ ენაზე იწყებენ ლაპარაკს!
  • თურქეთში შესვლისას მე, გამცილებელი და ერთი გოგო, ანა ერთად ვიდექით და ვჭორაობდით. ჩვენ უკან ერთი მსუქანი, ღიპზეაჭერილშარვლიანი კაცი და ერთი ხანშიშესული ქალი იდგნენ. ეს კაცი ძალიან მიაშტერდა გამცილებელს, რომელიც გაცქნაფული გოგოა. როდესაც გამცილებელმა გვერდით მოიხედა და დაინახა ეს ვერზილა, რომელიც აშტერდებოდა, შეცბა და გვერდით გახტა. როგორც აღმოჩნდა, რუსები იყვნენ: ონი რუსსკიხ ბაიატსა! – ჩაიხითხითა ქალმა და კაციც ძალიან გამხიარულდა, დიდხანს იცინეს. ვერ მოვიფიქრე, რა მეპასუხა უცებ და მერე მთელი გზა ვფიქრობდი.

3. საგზალი

არ წაიღოთ ცომეული, წაიღეთ ხილი, უკეთესი სასუსნაოა, გზაში კი საკმარისზე მეტი სასადილოებია, რომლებიც საკმაოდ იაფია და გამხმარ ფენოვან ხაჭაპურზე უფრო გემრიელიც.

დამაბნეველი არჩევანი

4. რაც შეიძლება ცოტა ბარგი.

ტუალეტის მოხმარების ინსტრუქცია

სასურველია მხოლოდ ერთი ზურგჩანთა. ყურადღების მიქცევა უფრო ადვილია, ნაკლები სანერვიულოცაა, მოიკიდებთ და მთელი ბარგი-ბარხანა თან გაქვთ მუდამ.

5. ვინც საეჭვოდ მოგეჩვენებათ, აუცილებლად გამოელაპარაკეთ. შესთავაზეთ ხილი ან სთხოვეთ რამე. დაძაბულობა მოგეხსნებათ. იმათი მხრიდან კი, თუ მართლა საეჭვოები არიან, ოდნავ უფრო გაჭირდება რამე დაგიშაონ, იმიტომ, რომ როდესაც ადამიანს რაიმე კარგი გაუკეთე, მერე მისთვის რამის დაშავება უფრო რთულია.

6. იპოვეთ აბორიგენი – ანუ ადამიანი, რომელიც იმ ქვეყანაში, ანუ ამ შემთხვევაში, თურქეთში ცხოვრობს ან ცხოვრობდა, კარგად იცის ენა და შეგიძლიათ მასთან კონტაქტი.

ჩემს შემთხვევაში “აბორიგენი” ნური იყო, თურქი, ქუთაისში ავეჯის მაღაზიის მფლობელი.  ის რომ არა, ალბათ ვერ მოვასწრებდი საელჩოში მისვლას. ვაჩვენე მისამართი, სადაც უნდა მივსულიყავი, მან მიმასწავლა, რომელ გაჩერებაზე სჯობდა ჩამოსვლა. ბოლოს გამაცილა კიდევაც გემამდე. ნური ქუთაისის შესახებ: “ქუთაისი – მორგ-ქალაქი”. მაპატიეთ, ქუთაისლებო, მაგრამ ამ ქალაქზე ზუსტად ეს ასოციაცია მიჩნდება მეც. მას შემდეგ, რაც ვიზა ავიღე და გაირკვა, რომ იმავე დღეს თბილისში დაბრუნებას ვეღარ ვასწრებდი, საღამოს თევზის რესტორანშიც წამიყვანა და ყველაზე გემრიელი კალმახები გამასინჯა, კიდევ მომიყვა, რომ თავისი მაღაზიის გამყიდველი შეუყვარდა ქუთაისში, რომელიც ამის გამო სამსახურიდან გაუშვა. მერე იმან დაუმესიჯა, თუ გინდა, ერთად გავიქცეთ თურქეთშიო, რაზეც ნურიმ პასუხი არ გასცა, მის ქმარს ვიცნობ, ერთ სუფრაზე ვმჯდარვართ და მაგას ვერ გადავაბიჯებო. ჰო კიდევ, ასე მითხრა, თქვენ, ქართველებს, გგონიათ, რომ მარტო თქვენ იცით კარგი მასპინძლობაო, მასე არ არისო – და მართლა ძალიან კარგი მასპინძლობა გამიწია, სანამ იქ ვიყავი.

გემზე პირველად ვიჯექი ცხოვრებაში. უფრო სწორედ, გემზე კი არა, “პარომზე”. ის უბანი, სადაც მივდიოდი – ბეშიქტაში – სრუტის მეორე მხარეს იყო.

ბეშიქტაშისკენ

7. ტაქსი

როგორც ყველგან, აქაც უცხოელებზე ბევრ ფულს აკეთებენ. თუმცა ამ მხრივ ცუდი გამოცდილება არ მქონია. პირველად ტაქსი ბეშიქტაშის პორტიდან საელჩომდე დამჭირდა. გემი როდესაც გაჩერდა, გვერდით მდგომ ბიჭს ვკითხე: “ბეშიქტაშ?” და მან გამართული ინგლისურით მიპასუხა: “yes, you are on the right station”. საუბარი გავაბით, მასაც ვანახე საელჩოს მისამართი, მითხრა, დაახლოებით რამდენი უნდა მიმეცა ტაქსისთვის და ბოლოს გადაწყვიტა თვითონ დაეჭირა ჩემთვის ტაქსი და გაეფრთხილებინა, არ გავეყვლიფეთ.

მოგვიანებით კიდევ ორჯერ დამჭირდა ტაქსი და უკვე ჩვეულ მეთოდს მივმართე – უცნობ კეთილისმყოფლებს  დავაჭერინე.

8. დახმარების თხოვნა არ ტეხავს

პირიქით. ოღონდ, როგორც შევამჩნიე, საპირისპირო სქესის ადამიანები უფრო ხალისით გეხმარებიან.

"აბორიგენი" ნური

9. ენა

ოდესღაც დემირელის სახელობის კერძო კოლეჯში ვსწავლობდი, სადაც სულ თურქი მასწავლებლები იყვნენ. საგნები ინგლისურად იყო და თურქული – მეორად ენად, თუმცა თურქულის გაკვეთილებზე დიდად არ ვიკლავდი თავს, ამის გამო ეს ენა ჩემი თურქეთში 3 მოკლეხნიანი ვიზიტის შედეგად უკეთ ვიცი, ვიდრე სკოლიდან.

ავტობუსში უამრავი თავისუფალი დროა, რმელიც შეიძლება ძირითადი ფრაზების სასწავლად გამოიყენო. გამარჯობა, ნახვამდის, დიდი, პატარა, რა ღირს, რამდენი, მადლობა, კი, არა, სასურბელია ათამდე თვლაც. და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზა: “თურქული არ ვიცი”.

სტამბულში ინგლისური საკმაოდ ბევრმა იცის. რუსულიც იციან შიგადაშიგ, მაგრამ თუ მდედრობითი სქესის ხარ და თმაც მოქერაო გაქვს, სჯობს მუნჯურად დაიწყო ლაპარაკი, მაგრამ რუსულად ხმა არ ამოიღო. ქალაქში ძალიან ბევრი რუსი და ბელორუსი მეძავია, ამიტომ სტერეოტიპულად, მარტო მყოფი გოგოს რუსულად აჭიკჭიკება სხვანაირ მზერებს იწვევს.

მეძავებს რაც შეეხებათ… ერთ მეძავთან ერთად მომიწია ტაქსით მგზავრობა. ტაქსისტმა, რომელმაც ინგლისური ნორმალრუად იცოდა, მთხოვა, ჩემმა მუდმივმა კლიენტმა დამირეკა და გზადაა და თუ შეიძლება, ავიყვანო. მეც დავეთანხმე (ვიცი, რომ ყველანაირი სიფრთხილის წესი დავარღვიე აქ). კლიენტი ბელორუსი ძალიან, ძალიან მაგარი ნაშა აღმოჩნდა, რომელიც, როგორც ჩანს, საკმაოდ “ფეშენებელური” პროსტიტუტია, რადგან უზარმაზარ სასტუმროსთან მივიდა, გზაში ბევრი ვილაპარაკეთ და ჩემი მგზავრობის ფულიც გადაიხადა.

ჩიზბურგერი, სანამ გემი მოვა

ჩიზბურგერი, სანამ გემი მოვა

10. არ გეგონოთ თავი ვინმეზე აღმატებული

ქართველებისგან ავტობუსში ბევრი ცხვირაბზუება გავიგე მათზე, თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჰიგიენაშიც გვჯობნიან, შრომისმოყვარეობაშიც და ქვეყანაც უკეთ დააყენეს ფეხზე.

ძალიან გული დამწყდა, არ მეგონა, რომ კიდევ ამდენი ქალი მიდიოდა თურქეთში სამუშაოდ. მაგ ფენასთან შეხება დავკარგე და დამავიწყდა, რომ არსებობენ. ამ თრიფმა სახეში შემომილაწუნა. ჩვენს ავტობუსში ერთი ქალი იყო, რომელსაც 7 ქალი ჰყავდა წამოსხმული სამუშაოდ. ეს “მთავარი” გამოწერილი აფერისტი იყო, ამ 7-სგან ალბათ 7 000 გააკეთა ამ მგზავრობით. ჩამოიყვანა და ე.წ. ოფისში მიჰყავდა, საიდანაც სამუშაოზე დაარიგებდა.

7-დან 5-ს ჰყავდა უმუშევარი ქმარი. ძალიან სასაცილო იყო ერთ-ერთის, ფატის ამაყი განცხადება, როდესაც ქმარმა დაურეკა – ისე ნერვიულობს აქ რომ წამოვედი სამუშაოდ, ძალიან ბევრი დალია და დამირეკაო.

ერთ-ერთის ქმარმა საერთოდ არ იცოდა, რომ მისი ცოლი თურქეთში იყო, იმას ვუთხარი, რომ იტალიაში წავედიო.

11. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, პირველი უნდა დამეწერა, მაგრამ იყოს 11 – ორმაგად პირველი:

არავის
არასდროს
არც ერთ შემთხვევაში
არ მისცეთ პასპორტი.

სულ რომ თქვენი ცხოვრების სიყვარულს გადააწყდეთ ან დაკარგული და იპოვოთ, თქვენს პასპორტს სხვასთან არაფერი ესაქმება. პასპორტს ნახულობენ საზღვარზე და სასტუმროში. დანარჩენი დრო უნდა გედოთ თბილად, რაც შეიძლება უსაფრთხო ადგილას.

შეიძლება პარანოიაში მქონდა გადასული, მაგრამ სასტუმროში ნომრის აღებისასაც, როდესაც პასპორტი გამომართვეს, გააფორმეს და მითხრეს, ხვალ დილით, გასვლისას მოგცემთო, ფეხი არ მოვიცვალე, სანამ მაშინვე არ დამიბრუნეს.

უამრავი რამ მოხდა იმ სამი დღის მანძილზე, რაც მარტო ვიმოგზაურე, თუ შეიძლება ამ მგზავრობას ასე ეწოდოს, თურქეთში. ბევრი ადამიანი გავიცანი, ბევრი ისტორია გავიგე. ყველაფრის გადმოცემა ერთ პოსტში შეუძლებელია.

არ გამოვა ჩემგან კარგი ფოტორეპორტიორი, ძირითადად სულ საჭმელს ვუღებდი სურათებს.

ახალი დაჭერილი თევზები

ყველაზე გემრიელი კალმახი დედამიწაზე

ის, რაც ყველაზე მეტად გიხარია 26-საათიანი მგზავრობის შემდეგ

ავტობუსს თვალი რომ არ ეცეს...

This entry was posted in Just, რა and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

27 Responses to Istanbul

  1. addicted says:

    საინტერესო და გამოსადეგი პოსტი იყო :) go on…………

  2. თაზო says:

    უმაგრესი პოსტია, საღოლ! ძალიან ვისიამოვნე! სხვათშორის, ძალიან კარგად აღწერ ყველაფერს, მშვენიერი რეპორტიორი გამოხვიდოდი შენ! :)

  3. dv0rsky says:

    isa…
    iox sagol tu rogorcaa

  4. fiqro says:

    erez hotel? :)))

  5. Lord Vader says:

    ბევრგან აი ძალიან დიდ სავაჭრო ცენტრშიც კი და რესტორნებზე ხომ ლაპარაკი არაა – თუ ნაღდს გადაიხდით – ფასს დაგიკლებენ. უნდა დაანახოთ, რომ ნაღდი ფული გაქვთ და კრედიტკა მიაწოდოთ… ეგრევე წამოვლენ გარიგებაზე.

    კიდევ უნდა გაითვალისწინოთ, რომ სტამბულში 3 ფეხბურთის გუნდია – ფენერბახჩე, გალათასარაი და ბეშიქთაში ჰოდა მაგათი გულშემატკივრები ერთმანეთს ვერ იტანენ. ღმერთი არ გაგიწყრეთ და საუბარში თუ ჩაგითრიეს და თურქეთში საუბარი ფეხბურთამდე აუცილებლად მივა – არასწორი გუნდი არ შეაქოთ.

    ისე, თურქულ სატუმროებში პასპორტის დატოვება ჩვეულებრივი ამბავია. რაღაცა ფორმულარებს ავსებენ… საპოლიციო კონტროლია და საგადასახადო ცალკე. რომ სტუმრები არ “გაალევონ”, ასე რომ საშიში არაფრია (ნუ… სასტუმროსაც გააჩნია ალბათ).

  6. ნატო says:

    ძალიან კარგი პოსტია )
    ავტობუსის ყავა )) ბრრრრრ.. გამახსენდა ავტობუსი )
    ყველაზე მეტად რაც ცუდ მოგონებად დამრჩა ჩემი თურქული ვოიაჟიდან ეს “ფუF, ეს სუნიანი თურქების” ტიპის ქართველები იყვნენ, რომლებიც ყველა თურქს ზემოდან უყურებდნენ.. გრრრრ..
    გუდ გირლ, გუდ გირლ.. ბტწ, არ შემიძლია არ აღვნიშნო რომ კარგად ხარ გამხდარი!! სურათში იუ ლუქ გრეათ :)

  7. BigCrow says:

    ვანდერფულ. თუ არ დამეზარა საპასპორტოდ სურათის გადაღება, პასპორტის გაკეთება, მერე მგზავრობის ფულის შოვნა და მაინც წავედი თურქეთში – გამომადგება ეს ტუტორიალი.

    პუ.სუ. ბოლო სურათზე რა არის? თვალს დამაკლდა და… ან ტვინს… მოკლედ ნალს ვეძებდი მაგ სურათზე ერთი 5 წუთი და მერე გადავწყვიტე მეკითხა.

  8. სალომე says:

    დოდ, ძალიან კარგი პოსტია. მაგრად მომეწონა. თურქეთში სამუშაოდ წასული ქალების ფოტოც ძალიან კარგია, მაგრამ მე მგონი სჯობს, რომ მოხსნა, ამ ქალების პირად ცხოვრებაში ჩარევა რომ არ გამოვიდეს (რადგან მალავენ თავიანთ სამუშაო ადგილს).

  9. zurriuss says:

    ეჰ, დოდ, სიამოვნებით მოგკლავდი ქუთაისის ეგრე ხსენებისათვის, თუნდაც მცირედი ტყუილი რომ გეთქვა, მაგრამ ხელები ამიწევია, რადგან მართლა ეგრეა :))

    …დანარჩენ შემთხვევაში, დიდება შენს პოსტს! მართლა მაგარი იყო… და არ დამიწყო “ვაიმე, მართლააა?” არა, ვიცი, რომ არ დამიწყებ, მარა მაინც :)))

    კარქი ხარ, კარქი და… მგონი… უფრო მეტად შემიყვარდი კიდეც ;))

    ასეა, მიჩვევა იცის ბლოგმან :P

  10. gigoli says:

    ქარქი პოსთი გამოვიდა რაა. მაგ ქალებს ცენზურა დაადე სალომესი არ იყოს.

  11. dreamar says:

    რა გამხდარი ხარ ფოტოზე :)

  12. somebody says:

    მართლა კაი პოსტია :D

  13. candy says:

    პოსტიც მომეწონა და თურქეთში წასვლაც მომინდა. ძალიან ძალიან. ამ ყველაფრისთვის ფინანსური ანგარიშგება, კლიმატური პირობები და დრო რომ მიგემატებინა ამ კვირაშივე დავგეგმავდი წასვლას :)

  14. Doloress says:

    დოძიიკ!
    რა მაგარი გოგო ხარ.
    მე შემეშინდებოდა მარტო წასვლა :D

    კარგი პოსტია.
    ძალიან მომწონს შენი წერის სტილი.

    კიდევ ერთხელ ბოდიში, უნიტელექტო რომ მეგონე :D

  15. კუდა says:

    ბოლო ფოტო მაგარია, თვალი რომ არ ეცეს :)))))
    მშვიდობიანად და საინტერესოდ გიმგზავრია.

  16. teonala says:

    აუ ბოლო ფოტოზე გიშერს ვეძებდი და ვერსად ვიპოვე. ბოლოs მივაგენი ლურჯ “თვალს” :D
    დოდ, კარგი დაწერილია, გემრიელად , შენ უფრო მეტი უნდა იმოგზაურო ხოლმე :yes:

    პ.ს. არც ერთ ჩემ მგზავრობას არ ჩაუვლია “ჩვეულებრივ” , ყოველთვის რაღაც უნდა გადამხდეს ხოლმე თავს, ნეტავ თუ დავჯდები და დავწერ როდესმე ამ ამბებს ?

  17. კარგი პოსტი იყო. საინტერესო

    სენქიუ :)

  18. Cyborg says:

    candy
    სუ მთელი ტრიპი დაუჯდა… 40$ იქეთ, 40$ აქეთ და სადღც კიდე 50$-60$ მთლიანად იქ ყოფნა, სასტუმრო, გზაში ჭამა და ტაქსები (ნუ მოგეხსენებათ რეალურად მთელი ქალაქი, თავის ბოსფორის სრუტიანა, გადაკვეთა რო ვიზამდე მიეღწია და მერე უკან… + ვიზის ფულიც შედის იმ 60$-ში…)

    კლიმატური პირობები – ვროძე თბილოდა

    დრო… ხო ეს მტკივნეული თემაა.

    ესეიგი ყველაფერი იყო ძალიან მაგარი, მარა არსებობდა ალტერნატივა რომელიც… ”პირველად მიდიოდა” და ამიტო ვერ მოაგვარა, ესეიგი რა ხდებოდა:

    ბუხარესტში უნდა ყოფილიყო 9-ში აუცილებლად, არადა 7-8 შაბათ კვირა იყო, როცა გაირკვა რო ვიზებს თბილისში არ იძლევიან და ერევანიც არ გვაძლევს, გასაგები გახდა რო უნდა წასულიყო სტამბულში.

    პრი ეტომ ვარიანტები იყო შემდეგი:
    1. პარასკევს დილას თვითმფრინავით სტამბულამდე, მერე გამოსვლა, ვიზის აღება და დალშე თვითმფრინავით ბუხარესტამდე.

    2. ხუთშაბათს დილას ავტობუსით წასვლა სტამბულში, 24 საათში ჩასვლა სტამბულში, ვიზის აღება და მერე თვითმფრინავით ბუხარესტამდე

    ორივე შემთხვევაში 3 ღამე უნდა გაეთია ან ბუხარესტში ან სტამბულში, ნებისმიერი ვარიაციებით.

    რაზეც გაჭედა, და მერე ინანა :D

    ანუ მისი გეგმა იყო ასეთი:
    24 საათი სტამბულისკენ – სტამბულში ჩადის 1-ელ საათზე, ვიზის აღება, საღმოს 6 საათიანი რეისით უკან 24 საათი, ჩამოსვლა შაბათს ღამით აქ, კვირას ღამით გაფრენა.

    რეალნა იასნია 5 საათში ვერ აიღო ვიზა(მისვლა მოსვლა ვერ მოასწრო თორე ვიზა 15 წუთში მისცეს) – და დარჩა ღამით, წამოვიდა შაბათს დილას, ჩამოვიდა კვირას დღისით და გაფრინდა კვირას ღამე.

    მთელ ამ ჩახლართულ სისტემას(წასვლა-წამოსვლას სტამბულში, და მერე აქედან ჩერეზ პრაღა ფრენას) ერთი გამართლება ქონდა:
    ბლომად მისი ”პასია” ბლოგერები მიფრინავდნენ ბუხარესტში ჩერეზ პრაღა და პრაღიდან ორშაბათს იყო სუ 1 რეისი ბუხარესტისკენ, ანუ ყველა იკრიბებოდა პრაღაში – მერე მიფრინავდნენ ერთად ბუხარესტში. სტამბული-ბუხარესტი რეისი კიდე პრაღაში უკვე აღრ შეივლიდა იასნია. ანუ სოუშალ ნეტვორკინგის ამბავში ჩერეზ პრაღა ჭრიდებოდა რეისი ნებისმიერ შემთხვევაში, სტამბულში ტუდა სუდა ფრენა კიდე ძვირი დაუჯდებოდა. ამიტო გმირულად გადაიტანა 48 საათი ავტობუსის სკამზე. რაც პირადად ჩემთვის კატასტროფიულად აუტანელი მოვლენაა, ბათუმში წასვლა მეზიზღება იმიტო რო 7 საათი უნდა იჯდე სკამზე…

  19. Lord Vader says:

    პრაღაში რო ჩაფრინდები – იქედან არსად გაფრენა აღარ მოგინდება.
    კატა მიაკვდა ბუქარესტს სულში :)

  20. mr.pikasso says:

    თევზი არ მიყვარს მაგრამ მაინც გემრიელი ჩანდა. კარგი პოსტი იყო სახალისო და ძალიან საინტერესო.

  21. keti says:

    საინტერესო პოსტი იყო…
    და კიდევ – გამხდარხარ :)

  22. piccolina says:

    იე
    სასიამოვნოდ წამეკითხა )))
    მე პირადად, პასპორტში ღიმილს ვერიდები, რამდენადაც ზოგ ქვეყანაში იკრძალება პასპორტში ეგეთი სურათები და გაუგებრობებს თავს ვარიდებ (მეც ახლა დიდი მოგზაური ვიყო რა) და ისე გაღიმება ყოველთვის მიყვარს, სადაც არ უნდა ვიყო. ერთმა მონაზონმა მითხრა იტალიაში, სულ რომ არ იცნობდე ვიღაცას და სულ რომ სხვადასხვა ენებზე ლაპარაკობდეთ, პირველი დადებითი კომუნიკაცია ღიმილიაო. ხოდა მეც დაუზარებლად ყველას ვუღიმი გამყოდველ-ტაქსისტ-შემთხვევით შემხვედრებს )))
    მარა ერთი დიდი მინუსი აქვს მაგას, ბევრ სმაილებს ვიყენებ :/

    ხო, კიდევ უცხოური სამზარეულოს დაგემოვნება რულს

    და აი ტაქსის გაჩერებაზე კიდევ ვერ მოვიფიქრებდი მე მასე ))) ყოჩაღ )))

  23. tatushka55 says:

    ამ წუთასვე ავდგებოდი, ზურგჩანთას ჩავალაგებდი და თურქეთის ავტობუსების გაჩერებაზე მივქანდებოდი.
    აი ესეთი პოსტი იყო.
    მომინდა მარტო ხეტიალი უცხო მხარეში

    P.S. ღიმილი ჩემი სავიზიტო ბარათია

  24. zenobia says:

    მოგზაურობა კარგია და + მარტო უფრო რაღაცნაირი სხვანაირი.
    ისე თურქი მამაკაცები რაღაცნაირ აბეზარ ადამიანებთან ასოცირდებიან. მაგრამ ამერიკაში რომ მივდიოდი მაშინ ვიმგზავრე ერთ მართლა სიმპატიურ ახალგაზრდა თურქთან ერთად. წესიერად არც ინგლისური იცოდა და არც რუსული, მაგრამ მთელი გზა არ გაჩერებულა :) და რამდენიმე ქართული სიტყვაც ისწავლა, მისივე ინიციატივით.

  25. ნამდვილად კარგი პოსტი იყო
    ბევრი რჩევა არა მხოლოდ თურქეთში არამედ სხვა ქვეყნებში მოგზაურობისასაც გამოადგება დამწყებ მოგზაურს.

    როცა ხშირად მოგზაურობ არარ ფირქობ ამ ყველაფერზე, უბრალოდ ავტომატურად აკეთებ :)

  26. Pingback: 2009 – Overview « Dream is Destiny

  27. დოდკა. ისე საკაიფო რევიუ გამოგივიდა ( დღეს რატომღაც გამახსენდა ეს პოსტი და თავიდან წავიკითხე) რო.. შენგან კაი ”ფრომერი” დადგებოდა.

    წარმოიდგინე
    ქართველი ტურისტი სტუდენტები სადმე უცხოეთში , ზურგჩანთით და ხელში ”დოდკას ტურისტული გიდით” ხელში. და ფრაზები: ”დოდკა გვეუბნება რომ ამსტერდამში…” :))))))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s